მცირე სიტყვიერი დაპირისპირება იყო რუსთაველის თეატრთან აქციის მონაწილეებსა და მსახიობების ნაწილს შორის, სადაც ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

რუსთაველის თეატრის მსახიოების უკმაყოფილოება თეატრის სამხატვრო დირექტორის, რობერტ სტურუას კრიტიკამ გამოიწვია. თუმცა ამბობენ, რომ ძალადობას გმობენ.

რუსთაველის თეატრის წინ აქცია ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ სახელწოდებით ილაპარაკე ძალადობაზე — მოქმედების დროა გაიმართა. ადგილზე შეკრებილებმა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ყველანაირი ძალადობა დაგმეს.

მათ, ასევე, მსგავს შემთხვევებზე შესაბამისი უწყებების მხრიდან დაუყოვნებლივი რეაგირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მას შემდეგ, რაც მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმრის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ოჯახში ძალადობაზე ისაუბრა, სტურუა ზანგურს გამოესარჩლა. მან მაყაშვილის განცხადება საბჭოთა კავშირის მიერ 1937 წელს დაწყებულ პოლიტიკურ რეპრესიებს შეადარა და ჰომოფობიური და მიზოგინური განცხადებებიც გააკეთა.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, რუსთველის თეატრმა გააუქმა რობერტ სტურუას სპექტაკლის ჩვენება, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს.

"დამშვიდდით, თატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ! მხოლოდ მაშინ! მიყვარხართ ქართველებო!" — დაწერა სტურუამ სპექტაკლის გაუქმების მეორე დღეს.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.

"არ მახსოვს რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფრი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად. ხელის აღებაც არ იყო. ანუ, რეალურად, ძალიან [მცემა]", — განაცხადა მან.

ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობას უარყოფს და აცხადებს, რომ მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.

"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები რომ გამოძიებას გავცე პასუხები. [...] მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არცერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს", — აცხადებს ის რუსთავი 2-თან.

ამავე თემაზე: