სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინის ბავშვთა პანსიონში ჰომოფობიური და დისკრიმინაციული მოტივით არ შეუშვა. მეუფე სპირიდონის თქმით, პანსიონში მათ იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ამიტომ ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".

სასულიერო პირი ამბობს, რომ "ომბუდსმენის წარმომადგენლების ხალხის ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ ოჯახში შეშვებაც არ შეიძლება".

"წაბილწავენ იქაურობას... იმ დაწესებულების შეშვება ბავშვთა სახლში და ბავშვებთან მიშვება, რომლებიც ითხოვენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში, ეს არის უმძიმესი დანაშაული. მე რომ მკითხოს კაცმა, მაგათ ფეხქვეშ საქართველოში მიწა უნდა იწვოდეს და საქართველოში არ უნდა იყვნენ საერთოდ. ასეთი უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი.

ამდენი ბავშვები იზრდებიან უკვე 17 წელიწადია იქ. ისინი ჩემი შვილები არიან და მე ამ წაბილწულ და გარყვნილ ხალხს საჯიჯგნად იმ ბავშვებს ვერ მივცემ", — ამბობს მეუფე სპირიდონი.

სახალხო დამცველის აპარატში 16 აპრილს განაცხადეს, რომ მათ რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ.

მათივე ცნობით, ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. ასევე, მათი ინფორმაციით, დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელსაც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.

სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები, ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი", — წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი დაწესებულებაში შექმნილ ვითარებასა და სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფას საგანგაშოდ აფასებს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ:

  • შემჭიდროვებულ ვადებში წარმოადგინონ კონკრეტული სამოქმედო გეგმა პანსიონატში მყოფი ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების თაობაზე;
  • დაუყოვნებლივ მიმართონ ყველა ზომას პანსიონატში სახალხო დამცველისა და სოციალური მუშკის ვიზიტებისა და ბავშვებთან ინდივიდუალური ურთიერთობის უზრუნველსაყოფად;
  • წარმოადგინონ დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტუციონალიზაციის გეგმა და დაინტერესებული საზოგადოების ფართო ჩართულობით დაიწყოს მისი ეტაპობრივი განხორციელება.