სოფელ გუმათში აღმართული რკინის კედლის ნაწილი პოლიციამ გზის სავალი ნაწილიდან აიღო, თუმცა ჯებირები ადგილზე ისევ რჩება. ნამახვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი On.ge-სთან ამბობს, რიონის ხეობაში გადაადგილება ისევ შეზღუდულია და ელოდებიან, რომ თავისუფლად მიმოსვლისა და პროტესტის სოფელ ნამოხვანში გაგრძელების უფლებას მალე მიიღებენ.

რკინის ბარიკადების აღება მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დაყენებული სამი პირობიდან ერთ-ერთი იყო. გოლეთიანი 16 აპრილს ამბობდა, რომ დიალოგის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, მათი სამი შემდეგი პირობა უნდა დააკმაყოფილონ:

  • ალაგდეს ბარიკადები;
  • სამუშაო პროცესები ხეობაში შეწყდეს და
  • კარვებით პროტესტის საშუალება მისცენ.

"ამის შემდეგ დავიწყებთ კონსტრუქციულ დიალოგს მიწასთან, ხელშეკრულებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით", — განაცხადა გოლეთიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გოლეთიანის თქმით, სამომავლო პროცესები დამოკიდებულია ხელისუფლების პასუხზე, რომელსაც, მისივე ვარაუდით, რამდენიმე დღეში მიიღებენ.

"დამოკიდებულნი არიან პრემიერის ჯანმრთელობაზე, როგორც მივხვდით ჩვენ. სახელდება კოვიდის ფაქტორი — ვიცით, რომ პრემიერს კოვიდი სჭირს. როგორც კი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება პრემიერი, მიიღებენ გადაწყვეტილებებს ამ პირობებთან დაკავშირებით", — ამბობს გოლეთიანი.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 16 აპრილს თითქმის ოთხს საათს გაგრძელდა.

შეხვედრა მოულოდნელად, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაიგეგმა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით აქტივისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი და ორი გუბერნატორი — ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ხვდებიან. დიალოგში, ასევე, მონაწილეობენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები — სოზარ სუბარი, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე, დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

გაიგეთ მეტი: