"ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ნიშნავს, რომ ივანიშვილი კიდევ უფრო მეტად გათავხედდება და კიდევ უფრო უარესებს დამართებს ამ ქვეყანას" — ასეთი პოზიცია აქვს გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფრაიძეს შარლ მიშელისა და კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე. ჯაფარიძის თქმით, ხელის მოწერას არ აპირებს.

"პრობლემა ამ დოკუმენტშიც არის. არ უნდა იყოს ასეთი. ეს დოკუმენტი არის ბევრად უარესი, ვიდრე იყო პირველი ვერსია, უარესი, ვიდრე მეორე ვერსია. ყველა შემდეგი ვერსია გაუარესდა იმის გამო, რომ მომლაპარაკებლები ცდილობდნენ, დოკუმენტი ყოფილიყო ისეთი, რომელსაც ოცნება მაინც მოაწერდა ხელს", — განაცხადა ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული ოცნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს აწერს. მისივე თქმით, დოკუმენტს ზუსტად შემოთავაზებული სახით აწერენ ხელს და შესაბამისად, პარლამენტი იმსჯელებს და მხარს დაუჭერს ივნისის მოვლენების ამნისტიასაც. ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება მზად არის, 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოიყენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ისინი ოპოზიციის მოთხოვნებს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განიხილავენ.

თალაკვაძის განცხადებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი. კობახიძის განცხადებით, აშშ-ში შეხვედრებისას პარტნიორები მიანიშნებენ, რომ მათ, როგორც მმართველმა პარტიამ კრიზისის გადასაჭრელად ნაბიჯები უნდა გადადგან.

30 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მორიგი მედიაცია უშედეგოდ დასრულდა. მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. თავდაპირველად ხელი არ მოაწერა არც მმართველმა პარტიამ.

კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში საკითხები რამდენიმე პუნქტად იყო დაყოფილი. ის ეხებოდა:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას;
  • ამბიციურ საარჩევნო რეფორმას;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმას;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას;
  • მომავალ არჩევნებს.