პოლიტიკური მოძრაობა დროს ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ვროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

"თუ არ იქნება რეალური კრიზისიდან გამოსავლის დოკუმენტი, უბრალოდ ხელმოწერისთვის, რომ ჩვენ ვინმესთან ქულა ჩავიწეროთ, ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტში აბსოლუტურად გაურკვეველია პოლიტპატიმრების საკითხი, რურუას, ნიკა მელიას საკითხი. არჩევნებზეც ქართული ოცნება ამბობს, 40%-მა გადაწყვიტოს 60%-ის წინააღმდეგო. უმრავლესობისა და უმცირესობის ცნებას ცვლიან", — განაცხადა ხოშტარიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული ოცნება მზად არის, 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოიყენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ისინი ოპოზიციის მოთხოვნებს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განიხილავენ.

16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერს.

ამას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი. კობახიძეს განცხადებით, აშშ-ში შეხვედრებისას პარტნიორები მიანიშნებენ, რომ მათ, როგორც მმართველმა პარტიამ კრიზისის გადასაჭრელად ნაბიჯები უნდა გადადგან.

30 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მორიგი მედიაცია უშედეგოდ დასრულდა. მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. თავდაპირველად ხელი არ მოაწერა არც მმართველმა პარტიამ.

კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში საკითხები რამდენიმე პუნქტად იყო დაყოფილი. ის ეხებოდა:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას
  • ამბიციურ საარჩევნო რეფორმას
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმას
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას
  • მომავალ არჩევნებს

უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტსაც. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.

შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.