ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართული ოცნების მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის თანხმობაზე ამბოსბ, რომ ამ ნაბიჯს ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს.

"კარგია, რომ ქართული ოცნება კომპრომისისთვის მზადყოფნას აჩვენებს. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯია. საქართველოს გულისთვის ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს ამას. ამასთანავე, მრავალი დეტალი კვლავ რჩება, რაზეც მუშაობა აუცილებელია. ევროკავშირი დახმარების გასაწევად ისევ მზად არის", — წერს კრამონი ტვიტერზე.

16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერს.

ამას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი. კობახიძეს განცხადებით, აშშ-ში შეხვედრებისას პარტნიორები მიანიშნებენ, რომ მათ, როგორც მმართველმა პარტიამ კრიზისის გადასაჭრელად ნაბიჯები უნდა გადადგან.

30 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მორიგი მედიაცია უშედეგოდ დასრულდა. მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. თავდაპირველად ხელი არ მოაწერა არც მმართველმა პარტიამ.

კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში საკითხები რამდენიმე პუნქტად იყო დაყოფილი. ის ეხებოდა:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას
  • ამბიციურ საარჩევნო რეფორმას
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმას
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას
  • მომავალ არჩევნებს

უშედეგოდ დასრულდა შეხვედრა დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტსაც. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.

შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.