ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ხელისუფლება ნამახვანჰესის პროექტზე სხვადასხვა ექსპერტთა ჯგუფს დამოუკიდებლად გაურიგდა. მისივე თქმით, მათ ჰესის პროექტთან დაკავშირებულ პროცესებში არ რთავენ.

"ვხედავთ, რომ ხელისუფლება დამოუკიდებლად გაურიგდა, როგორც ჩანს, სხვადასხვა ექსპერტთა ჯგუფს. ჩვენ პროტესტის მონაწილეები არ ვართ ჩართული ამ პროცესში. თუნდაც დღეს გავიგეთ, რომ 5 საათზე არის რაღაც შეკრებაა შერატონში. არ ვიცი ზუსტად იქ რა განიხილება, მაგრამ ჩვენ ამ პროცესებში ჩართულნი არ ვართ და არც არავინ გვრთავს", — განაცხადა გოლეთიანმა TV პირველთან.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ მზადყოფნა გამოთქვა ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის ორგანზიაციები — საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, მწვანეები, განახლებადი ენერგიების ასოციაცია და სხვა.

პრეზენტაცია დღეს, 16 აპრილს სასტუმრო შერატონში გაიმართა.