თუკი ფიქრობთ, რომ ცუდი დღე გაქვთ, გაიხსენეთ კანადელი პოლიტიკოსი უილ ამოსი, რომელსაც ალბათ თქვენზე ბევრად ცუდი დღე ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ხალხმრავალ Zoom-ის შეხვედრაზე შიშველი ხომ არ გამოჩენილხართ?

ასეთი უხერხული ინციდენტი კანადის პარლამენტის წევრს მაშინ შეემთხვა, როცა 14 აპრილს კოლეგებთან ერთად ონლაინშეხვედრას მართავდა. ალბათ ამდენადვე უხერხული იქნებოდა ეს ინციდენტი შეხვედრაზე მყოფი სხვა პირებისთვისაც, თუმცა, მათ მაინც არ მორიდებიათ საჯაროდ გაეკრიტიკებინათ კოლეგის საქციელი.

"შეხვედრაზე ჩვენი ერთ-ერთი წევრი შეუფერებლად გამოწყობილი ვნახეთ", — ამბობს პარლამენტარი კლოდ დებელეფოიე, — "გამოწყობილი იმდენად, რამდენადაც საერთოდ არაფერი ეცვა. ამიტომ, მსურს, წევრებს შევახსენო, განსაკუთრებით კი კაცებს, რომ შეხვედრებზე მიღებულია პიჯაკი და ჰალსტუხი".

დებელეფოიეს სხვა კოლეგა, ენტონი როტა, გამოეხმაურა და დასძინა, რომ, "მართალია, წევრი შესანიშნავ ფორმაში იყო, თუმცა, მას მაინც უნდა შეახსენონ მიღებული ნორმები და კამერის კონტროლი".

მოგვიანებით, ამოსმა თავადაც მოიბოდიშა ტვიტერზე.

"დღეს ნამდვილად უხეირო შეცდომა მომივიდა და, რა თქმა უნდა, მის გამო მრცხვენია. ჩემი კამერა, შემთხვევით, ჩართული დარჩა, როცა ვარჯიშიდან დაბრუნებული ტანსაცმელს ვიცვლიდი სამუშაოსთვის", — წერს პარლამენტარი, — "გულწრფელად ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს. ეს გაუაზრებელი შეცდომა იყო და აღარ განმეორდება".

აღსანიშნავია, რომ ამოსი იმ პარტიის წევრია, რომელსაც ქვეყნის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო ხელმძღვანელობს.