რუსთაველის თეატრის მსახიობმა, ანა ამილახვარმა ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ მსახიობებისთვის ძალადობის გემო კარგადაა ცნობილი.

"ყოველთვის, ყველგან ვიყავი და ვიქნები დაჩაგრულის მხარეს. როგორც ჩანს გაუგებარი იყო ვიღაცეებისთვის ჩემი წინა ტექსტი. ამიტომ ვაკონკრეტებ,რომ მხარს ვუჭერ ნინუცა მაყაშვილს და მისი ოჯახის გვერდზე ვიდგები თუ მათ დასჭირდებათ. . კიდევ იმის თქმაც მინდოდა, რომ ძალადობის გემო კარგად არის ჩვენთვის (მსახიობებისთვის) ცნობილი. ნუ გაგიკვირდებათ, რა ქვეყანაშიც ვცხოვრობთ და რა ხალხიც ვართ იგივე ხდება ყველგან და ყველაფერში", — წერს ამილახვარი ფეისბუქგვერდზე.

მას შემდეგ, რაც მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმრის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ოჯახში ძალადობაზე ისაუბრა, სტურუა ზანგურს გამოესარჩლა. მან მაყაშვილის განცხადება საბჭოთა კავშირის მიერ 1937 წელს დაწყებულ პოლიტიკურ რეპრესიებს შეადარა და ჰომოფობიური და მიზოგინური განცხადებებიც გააკეთა.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, რუსთველის თეატრმა გააუქმა რობერტ სტურუას სპექტაკლის ჩვენება, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს.

"დამშვიდდით, თატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ! მხოლოდ მაშინ! მიყვარხართ ქართველებო!" — დაწერა სტურუამ სპექტაკლის გაუქმების მეორე დღეს.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.

"არ მახსოვს რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფრი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად. ხელის აღებაც არ იყო. ანუ, რეალურად, ძალიან [მცემა]", — განაცხადა მან.

ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობას უარყოფს და აცახდებს, რომ მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.

"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები რომ გამოძიებას გავცე პასუხები. [...] მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არცერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს", — აცხადებს ის რუსთავი 2-თან.

საჯარო განცხადების შემდეგ, ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამავე თემაზე: