ფიშინგის შესახებ ერთი კარგი სტატია, როგორც იტყვიან, არასდროსაა ზედმეტი. განსაკუთრებით მაშინ, როცა კიბერთაღლითობის შემთხვევები თვალშისაცემად იმატებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და On.ge-მ სტატიების კონკურსი — რა ვიცით ფიშინგის შესახებ — გამოაცხადეს.

ერთგვარი გასაღები უკვე მოცემული გაქვთ — შეგიძლიათ, მუზას ან შთაგონებას არც კი დაელოდოთ, რადგან სტატია სამი სათაურიდან ერთ-ერთზე უნდა შექმნათ:

  • როგორ ამოვიცნოთ მატყუარა
  • როგორ არ გავებათ კიბერხაფანგში
  • თუ ამ 5 რაღაცას აკეთებ, კიბერთაღლითები ადვილად გამოგიჭერენ

რაც მთავარია, მოტივაციის ასამაღლებლად პრიზიც სოლიდურია — გარდა იმისა, რომ გამარჯვებული სტატია On.ge-ზე გამოქვეყნდება, მისი ავტორი საქართველოს ეროვნულ ბანკშიც გაივლის ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას.

რაც შეეხება, ცალკეულ დეტალებს;

  • სტატია არ უნდა აღემატებოდეს 800 სიტყვას;
  • სტატიის ფორმატი უნდა იყოს PDF ან MS Word;
  • გამოყენებულ ვიზუალურ მასალას მითითებული უნდა ჰქონდეს წყარო და შესაბამისი ბმული;
  • სტატიაში აუცილებლად უნდა იყოს ნახსენები ფიშინგი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ სრულწლოვან პირებს შეუძლიათ, საკონკურსო სტატიები კი 7 მაისის ჩათვლით მიიღება.

საუკეთესო ნამუშევარი 14 მაისს დასახელდება, დამსახურებულ სტაჟირებას კი, რომლის ანაზღაურებაც ყოველთვიურად 500 ლარი იქნება, გამარჯვებული ავტორი 2 თვით გაივლის.

საკონკურსო სტატია უნდა გამოგზავნოთ ჩვენს მეილზე: [email protected]

რას მოიცავს სტაჟირება

ფოტო: NBG

საქართველოს ეროვნული ბანკი გამარჯვებულს არჩევანის თავისუფლებას სთავაზობს, მას შეეძლება 2-თვიანი სტაჟირება საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გაიაროს, ან იმ მიმართულებით, რომელიც მისთვის საინტერესო იქნება.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების არჩევის შემთხვევაში სტაჟიორის ფუნქციები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  1. განყოფილების ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვა;
  2. საკომუნიკაციო ინსტრუმენტების გამოყენებით, ციფრული საინფორმაციო კამპანიების უზრუნველყოფა, შესაბამისი მასალების მომზადებასა და გავრცელებაში მონაწილეობის მიღება;
  3. სხვადასხვა თემატური გამოცემების ადაპტირების და ვიზუალიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  4. სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.