ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, ავლაბარში, საქართველოს ბანკის შენობიდან რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს, უცნობია არიან თუ არა ისინი მძევლები.

გარდა ამისა, შენობაში შედიან და გამოდიან სამართალდამცავები. უცნობია ისიც, მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუ სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

ამ ეტაპზე შსს-ში ვერ ვახერხებთ იმ ინფორმაციის დაზუსტებას, ჰყავს თუ არა თავდამსხმელს შენობაში მძევლები. ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ელოდებიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებას, რომელიც ბანკის შენობასთანაა.

საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში სავარაუდოდ შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა. დაუდასტურებული ინფორმაციით, შიგნით არიან მძევლებიც.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მეტროსადგური ავლაბარი დაკეტილია. სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს მოქალაქეებს.

ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ბანკში დამატებით კითხვებს არ პასუხობენ.