უკვე ოცი წელია, რაც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო) ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის ერთ კონკრეტულ ქალაქს ერთი წლის განმავლობაში წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ანიჭებს.

2019 წელს იუნესკომ გადაწყვიტა, რომ 2021 წლისთვის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი თბილისი გამხდარიყო: განსაზღვრული რეგულაციით, თბილისი ამ სტატუსს ოფიციალურად 2021 წლის 23 აპრილიდან გადმოიბარებს და ზუსტად ერთი წლის განმავლობაში ამ საერთაშორისო პროექტის ცენტრი იქნება.

რას ითვალისწინებს მაინც ეს ფართომასშტაბიანი ლიტერატურული პროცესი, რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენი ქვეყნისთვის და რას უნდა ველოდოთ თბილისში შემდეგი ერთი წლის განმავლობაში — ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხს საქართველოში ამ პროექტის დირექტორის მოადგილე, ნინო კიკნაძე დეტალურად შემოგვთავაზებს.

რას ნიშნავს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი?

იუნესკოს ოფიციალური განმარტებით, "წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" იდეა მიზნად ისახავს, რომ განურჩევლად სახელმწიფო საზღვრებისა, დედამიწის ყველა კუთხეში წიგნის კითხვის კულტურა წაახალისოს და მოსახლეობის ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში ლიტერატურის ღირებულებები მეტად გაავრცელოს.

როგორც ნინო კიკნაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მართალია, სახელწოდებაში თბილისი ფიგურირებს, თუმცა, რეალურად, პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით წიგნიერების დონისა და საზოგადოების ზოგადი განათლების ამაღლებას გულისხმობს. ამ შედეგის მისაღწევად კი, ცხადია, იუნესკოსთან ერთად შესაბამისი ადგილობრივი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობაც საჭიროა და "წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" პროექტი საქართველოში თბილისის მერიისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში 14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნა.

ფოტო: Tbilisi - World Book Capital / Facebook

"პროექტი საგანმანათლებლო, სახელოვნებო, შემეცნებით და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს აერთიანებს. მისი მიზანია, თბილისის მსოფლიოს ლიტერატურულ-საგამომცემლო რუკაზე უკეთესად პოზიციონირება, წიგნიერების, საგამომცემლო საქმის, ავტორების, მთარგმნელებისა და სხვა დაკავშირებული პროფესიების ხელშეწყობა.

განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა საბავშვო და მოზარდებისთვის განკუთვნილ პროგრამებს: ასაკობრივი ლიტერატურის პოპულარიზაციას, საბავშვო ბიბლიოთეკის გახსნას, სკოლების ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით მომარაგებას.

თბილისი უმასპინძლებს მსოფლიო მნიშვნელობის ავტორებს, უცხოური გამომცემლობების წარმომადგენლებს. ასევე, დაგეგმილია გასართობი ხასიათის მასობრივი ღონისძიებებიც, რაც პროცესში მეტი ადამიანის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების ჩართვას ითვალისწინებს", — ამბობს ნინო კიკნაძე.

როგორ გახდა თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი?

იუნესკო 1996 წლიდან ყოველ 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ამ ტრადიციის დაარსებიდან ექვსი წლის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ იგივე დღე კიდევ უფრო განსაკუთრებულ თარიღად ექციათ და 2001 წელს ესპანეთის ქალაქ მადრიდს, იქ განხორციელებული წარმატებული ლიტერატურული პროექტების გამო, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიენიჭა.

ამ წამოწყებამ იმდენად დიდი და დადებითი გამოხმაურება პოვა, რომ გადაწყვიტეს, მისთვის მუდმივი სახე მიეცათ და ეს სტატუსი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის ქალაქისთვის მიენიჭებინათ. ასე გახდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს ნიუ-დელი, ანტვერპენი, მონრეალი, ათენი, ბეირუთი თუ ბუენოს-აირესი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი ერთი წლით.

იუნესკოს მიერ სპეციალური წევრებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო კომიტეტი წყვეტს, თუ რომელი ქვეყანა მიიღებს ამ სტატუსს ყოველ შემდეგ წელს. ნინო კიკნაძის თქმით, 2019 წელს ბედი პირველად საქართველომაც სცადა: თბილისის მერიის დავალებით, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ პროექტებისა და ღონისძიებების ჩამონათვალი მოამზადა და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი შეიტანა.

მიუხედავად იმისა,რომ ქართულმა მხარემ პირველად მიიღო კონკურსში მონაწილეობა და 15-მდე სხვა ქვეყანა იყო ჩვენი კონკურენტი, 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მაინც წარმატებულად მოიპოვა თბილისმა.

"ჩვენმა გუნდმა ერთ წელიწადზე გაწერილი პროგრამა იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მოამზადა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან წიგნის სფეროს, ლიტერატურულ პროცესს, საგამომცემლო საქმიანობას, განათლებასა და ა.შ. მზადების პროცესში ასევე ჩართული იყო არაერთი სახელმწიფო ორგანიზაცია, სამინისტროები და, ცხადია, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახური. განაცხადის წარდგენიდან რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ იუნესკომ ჩვენი პროექტი უმაღლესი ქულით შეაფასა, რასაც ორგანიზაციასა და თბილისის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ოფიციალურად გაფორმება და უშუალოდ პროექტზე მუშაობის დაწყება მოჰყვა", — იხსენებს კიკნაძე.

2019 წელს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი არაბთა გაერთიანებული საამიროების სიდიდით მესამე ქალაქი - შარჯა გახდა.

ფოტო: Sharjah World Book Capital / Facebook

ამ სტატუსის მატარებელი ჯერჯერობით ბოლო ქალაქი კუალა-ლუმპურია, რომელიც ზუსტად 23 აპრილს ოფიციალურად გადმოაბარებს თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის წოდებას. ერთი წლის შემდეგ კი, იმავე დღეს თავის მხრივ თბილისი მექსიკის ქალაქ გვადალახარას გადაულოცავს ამ სტატუსს.

რისი მომტანი იქნება ეს წარმატება საქართველოსთვის?

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგა, რაც ჩვენი კულტურის დიდი გამარჯვება და ლიტერატურული პროცესებისთვის ახალი სისხლის გადასხმის ტოლფასი იყო.

ამ მოვლენიდან მალევე, სულ რაღაც სამ წელში თბილისი ამჯერად წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსით წარსდგება ლიტერატურული სამყაროს წინაშე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი წარმატებაა: როგორც ნინო კიკნაძე აღნიშნავს, დაახლოებით, იმავე მასშტაბის პრეცედენტია, რაც სპორტში ოლიმპიადის მასპინძლობა.

იმასთან ერთად, რომ ეს პროექტი მთელი ქვეყნის ფარგლებში საზოგადოებრივი წიგნიერებისა და განათლების ამაღლების ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გზაა, ამავდროულად ის საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურის უკეთ გაცნობისა და ცნობადობის გაზრდის საშუალებას იძლევა.

ფოტო: ნინო კიკნაძე

"თბილისი ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო სალიტერატურო და საგამომცემლო რუკაზე, გამომცემლობები და ლიტერატურის აგენტები უცხოელი კოლეგებისგან ბევრს ისწავლიან, კვალიფიკაციას აიმაღლებენ იშვიათად თარგმნილი ენიდან თარგმნის მსურველები, საგამომცემლო სფეროს განსავითარებლად ჩატარდება ტრენინგების ერთკვირიანი ინტენსიური კურსი გამომცემლებისთვის, სადაც სხვადასხვა პროფესიის უცხოელი ექსპერტები ქართველ გამომცემლებს გამოცდილებას გაუზიარებენ. ქართველი ავტორებისთვის განხორციელდება სარეზიდენციო პროგრამები ქვეყნის შიგნით და გარეთ და სხვა", — ამბობს ნინო კიკნაძე.

რას უნდა ველოდოთ მომავალი ერთი წლის განმავლობაში?

როგორც უკვე თავადაც დარწმუნდებოდით, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდ გამოწვევას უნდა გაართვას თავი, შესაბამისად, განსაკუთრებით საინტერესოა, ერთი მხრივ როგორი მრავალფეროვანი პროგრამით მოხიბლა ქართულმა მხარემ იუნესკო, რომ სხვა კონკურენტებს აჯობა და წელს ეს პროექტი თბილისში განხორციელდება; მეორე მხრივ კი კიდევ უფრო დამაინტრიგებელია, თუ რა სიახლეებს და შემეცნებით აქტივობებს უნდა ველოდოთ დედაქალაქში მომავალი ერთი წლის განმავლობაში.

როგორც პროექტის დირექტორის მოადგილე აცხადებს, უკვე ორმოცდაათზე მეტი ღონისძიება, პროექტი და საჯარო აქტივობაა დაგეგმილი და თანაც ყველაფერი მხოლოდ ამით არ ამოიწურება: დროდადრო ახალი განსახორციელებელი იდეებიც შეემატება მათ ჩამონათვალს.

ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ წიგნების მიმართ სიყვარულის გაღვივება განსაკუთრებულად ბავშვებსა და მოზარდებს სჭირდებათ, რის გამოც აქტივობების დაგეგმვისას ძირითადი აქცენტი სწორედ ამ ასაკობრივი კატეგორიის ინტერესებზე გაამახვილეს. მაგალითად, პროფესიონალი პროგრამისტების, ილუსტრატორებისა და საბავშვო ავტორების ჩართულობით შეიქმნება ინტერაქტიული წიგნები, რისი საშუალებითაც ბავშვებს ლიტერატურულთან ერთად კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებითაც გაუზიარებენ საჭირო ცოდნას.

ნინო კიკნაძე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს წინასწარ აანონსებს:

  • თბილისში დაარსდება პირველი საბავშვო ბიბლიოთეკა;
  • მწერალთა სახლთან თანამშრომლობით გაიხსნება რეპრესიების მსხვერპლი მწერლების მუზეუმი;
  • აღდგება ილია ჭავჭავაძის დროინდელი პირველი ქართული სანოტო სტამბა;
  • დაგეგმილია "ივერიის" გამომცემლობის აღდგენა და მუდმივმოქმედი გამოფენის მომზადება;
  • წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან ერთად იგეგმება თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში წიგნების ფონდების შევსება.

და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სამომავლო სიურპრიზებისა, რომელთაც შემდეგი თორმეტი თვის განმავლობაში ნელ-ნელა გაგვაცნობენ.

როგორ იმოქმედებს პანდემია პროექტის განხორციელებაზე?

ასეთი საპასუხისმგებლო მისიის შესრულებისას, სამწუხაროდ, საქართველოს ხელს უშლის პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი ზოგადი მდგომარეობა და ამიტომაც, დიდი ალბათობით, გაცილებით ნაკლები იქნება იმ სტუმრების რაოდენობა, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში ქვეყანას უცხოეთიდან ეწვეოდნენ.

თუმცა, მიუხედავად შექმნილი გარემოებებისა, პროექტის ქართველი ორგანიზატორები დაბრკოლებებს არ უშინდებიან, მეტიც — გაორმაგებული ძალით ცდილობენ, რომ ყველაფერმა მაქსიმალურად სრულყოფილად ჩაიაროს.

"პანდემიის მიუხედავად, ჩვენ არ გადაგვიხვევია არჩეული კურსიდან და ყველა პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. შესაძლოა, მასობრივი ღონისძიებების კუთხით მცირედი კორექტივების შეტანა მოგვიხდეს, თუმცა ყველა აქტივობა და ღონისძიება ჩატარდება და ჩვენი დედაქალაქი წიგნის ღირსეულ დღესასწაულს მიიღებს", — ამბობს ნინო კიკნაძე.

შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია, 23 აპრილიდან იმედიანი განწყობით ეს დიდი ლიტერატურული დღესასწაული ერთი წლის განმავლობაში ყველამ ერთად ვიზეიმოთ.