სახალხო დამცველის განცხადებით, მის წარმომადგენელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.

მათივე ცნობით, ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. ასევე, მათი ინფორმაციით, დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელსაც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.

"სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია. რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა.

სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები, ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი", — წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი დაწესებულებაში შექმნილ ვითარებასა და სახელმწიფოს მხრიდან არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფას საგანგაშოდ აფასებს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ:

  • შემჭიდროვებულ ვადებში წარმოადგინონ კონკრეტული სამოქმედო გეგმა პანსიონატში მყოფი ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების თაობაზე;
  • დაუყოვნებლივ მიმართონ ყველა ზომას პანსიონატში სახალხო დამცველისა და სოციალური მუშკის ვიზიტებისა და ბავშვებთან ინდივიდუალური ურთიერთობის უზრუნველსაყოფად;
  • წარმოადგინონ დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტუციონალიზაციის გეგმა და დაინტერესებული საზოგადოების ფართო ჩართულობით დაიწყოს მისი ეტაპობრივი განხორციელება.