სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) განცხადებით, მარნეულში ასეულობით მშრომელის შრომითი უფლებები უხეშად ირღვევა. ორგანიზაციამ ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

ცენტრი მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემის მოწყობის სამუშაოებზე დასაქმებულ 400-მდე მშრომელის მოთხოვნას კუთვნილი ანაზღაურების მიღების შესახებ მხარდაჭერას უცხადებს და შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების დარღვევის საქმეზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"უკვე 4 თვეზე მეტია, რაც ღია სააქციო საზოგადოება აკელიკ გრუპის ფილიალის მიერ წარმოებულ სამუშაოებზე დასაქმებული მუშები უშედეგოდ ითხოვენ დამსაქმებლისგან კუთვნილ ანაზღაურებას. ასეულობით დასაქმებულმა მარნეულში რამდენიმე აქციაც გამართა კუთვნილი ხელფასების ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა დაპირებების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს", — აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

ცენტრის განცხადებით, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის სამუშაოები, რომელსაც აკელილ გრუპის ქართული ფილიალი ასრულებს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის მიერ არის დაფინანსებული. მათი თქმით, ადგილობრივ მედიასთან ამ საკითხზე საუბრისას სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია პროექტით განსაზღვრული თანხები, თუმცა კომპანია მაინც არ უხდის დასაქმებულებს შრომის ანაზღაურებას.

"ცხადია, რომ კუთვნილი ხელფასის დაყოვნება მშრომელებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობაზე მძიმედ აისახება. მშრომელები აცხადებენ, რომ მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები, რაც მათ ისედაც მძიმე სოციალურ ყოფას კიდევ უფრო ართულებს", — ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

  • შრომის ინსპექციას — შრომის ინსპექციის შესახებ კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, შეისწავლოს ღია სააქციო საზოგადოება აკელიკ გრუპის ფილიალის მიერ შრომითი ნორმების დარღვევის საკითხი და კომპანიაში უზრუნველყოს ინსპექტირების ჩატარება;
  • ღია სააქციო საზოგადოება აკელიკ გრუპის ფილიალს — დაუყოვნებლივ შეასრულოს შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მუშებს აუნაზღაუროს გაწეული შრომისთვის ხელფასები.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) გამოთქვამს მზადყოფნას სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს აკელიკ ჯგუფის მიერ დაზარალებულ დასაქმებულებს.