მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა მათ მოთხოვნას პრემიერმინისტრს გადასცემს და პასუხს რამდენიმე დღეში დაუბრუნებს.

"შეხვედრაზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული იყო საკითხები, რაც აწუხებთ მათ. ეს არ არის ერთი და ორი საკითხი. ამას სჭირდება კონკრეტული სპეციალისტების ახსნა-განმარტება. მე მათ აღვუთქვი, რომ მათი ინტერესი, მათი ყველა კითხვა იქნება დაკმაყოფილებული. მე ყველა კითხვას, ყველა წინადადებას ავიტან ცენტრალურ ხელისუფლებაში, პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან.

ასევე, ჩემი მხრიდან იყო შეთავაზება და თანხმობა აქციის მონაწილეების მხრიდან, რომ მაქსიმალური იქნება მათი ჩართულობა ამ პროცესებში. ასევე, ამომწურავი იქნება იმ კითხვებზე პასუხი, რაც მათ დააყენეს. მათი მხრიდან იყო კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც საჭიროებენ ჩამოყალიბებას და მე მათ აღვუთქვი, რომ რამდენიმე დღეში შეთანხმების შემდეგ ისინი მიიღებენ პასუხს", — განაცხადა ბარნაბიშვილმა.

შეხვედრაზე მყოფმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მათ დააყენეს სამი პირობ, რომელთა შესრულება აუცილებელია იმისთვის, რომ გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგისთვის. ეს პირობებია ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა, ბარიკადების აღება და პროტესტის ნამოხვანში გაგრძელების შესაძლებლობა.

გოლეთიანის ინფორმაციით, პასუხის მისაღებად რამდენიმე დღე პრემიერმინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდებათ.

გაიგეთ მეტი: