პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რა იგულისხმა პოსტში, სადაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ტაქსიში მოწევის შესაძლო აკრძალვას ასე გამოეხმაურა — "ხელცქვიტობა? რომ ჩამოკრას ვინმემ არასრულწლოვანის თანდასწრებით?"

"რაღაცნაირად გაიგეს, რომ თითქოს მე მომხრე ვარ, რომ არასრულწლოვნის თანდასწრებით ვიღაცა მასტურბაციით დაკავდეს. ალბათ ეს გაიგეს და მაგის გამო მაგინებენ. არ ვიცი რაზე მაგინებენ, მაგრამ, ეგ არ მიგულისხმია", — ამბობს ჯაფარიძე.

მისი თქმით, ეს პოსტი იყო სარკაზმი და რეაქცია აკრძალვებზე.

"სარკაზმი იყო. მოწევაზე იყო საუბარი — არასრულწლოვნის თანდასწრებით მოწევა უნდა აიკრძალოსო. აკრძალვებზე იყო უბრალოდ რეაქცია. მილიონი რამე შეიძლება მოიფიქრო, სცენა ტაქსიში, რომლის აკრძალვაც შეიძლება მოგინდეს. მე ერთი ეგეთი სცენა მოვიგონე უბრალოდ, დავწერე და ძაან ბევრმა მაგინა მაგის გამო. რაღაცნაირად, არასწორად გაიგეს. ზუსტად ვერ მივხვდი, რა გაიგეს არასწორად, მაგრამ, შინაარსი ეგ იყო, რომ მილიონი რამე შეიძლება წარმოიდგინო ტაქსიში, რაც შეიძლება ასაკრძალი იყოს. მაგას თუ დაუვლი და სათითაოდ ყველაფრის აკრძალვას დაიწყებ, რავი, სიგიჟე მგონია. მაგის თქმა მინდოდა", — განმარტა ჯაფარიძემ გირჩი TV-ს ფეისბუქ-გადაცემა Zoom-იერში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მიხევდით, ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.