ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ინდოეთიდან შემოსული პირებისთვის 14-დღიან კარანტინის გავლის ვალდებულებას აფასებს როგორც დისკრიმინაციას ეროვნების, მოქალაქეობისა და წარმოშობის ნიშნით.

"მთავრობის მიერ დამტკიცებული შერჩევითი ზომები ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების მიმართ არის ზედმეტად მკაცრი, არაგონივრული, არაპროპორციული და დისკრიმინაციული", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

TDI-ში აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში უცხოელი, განსაკუთრებით კი ინდოელი სტუდენტები საქართველოში სწავლის პროცესში ბევრ პრობლემას გადააწყდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, ფინანსური სირთულეების გამო უცხოელი სტუდენტების ნაწილმა ქვეყანა დატოვა. ეს ნაკლებ პრობლემას ქმნიდა დისტანციური სწავლების დროს, თუმცა სააუდიტორიო სწავლების აღდგენის შემდეგ მათმა ნაწილმა საქართველოში დაბრუნება ვერ მოახერხა.

"იმ პირობებში, როდესაც ინდოეთის მოქალაქეები უამრავ დაბრკოლებას ისედაც აწყდებინ როგორც საქართველოში შემოსვლის მხრივ, ისე საქართველოში სხვადასხვა სერვისებით სარგებლობისას, აღნიშნული დამატებითი არაპროპორციული შეზღუდვები კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მათ უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობას", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

TDI მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადახედოს ინდოეთიდან ჩამოსული პირების/სტუდენტების მიმართ დადგენილ რეგულაციებს და შეცვალოს ისინი პროპორციული და არადისკრიმინაციული ღონისძიებებით.

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებების მიხედვით, ინდოეთიდან შემოსული პირები უარყოფითი PCR-ტესტის მიუხედავად, 14-დღიან კარანტინს გაივლიან.