ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საინტერესოა, ვის მიმართ არის ოპოზიციური ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური გუნდი.

"ჩვენ მოვისმინეთ გახარიას ერთ-ერთი თანაგუნდელის შეფასება, რომელმაც თქვა რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლიან სახელმწიფოში, არ გვყავს პოლიტიკური პატიმრები და ასევე, გვახსოვს თავად გახარიას ფრაზა, რომ ივანიშვილი არის ქვეყნის სისტემური მზღვეველი და მისი სახით ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა. ამიტომ საინტერესოა ვის მიმართ არიან ისინი ოპოზიციაში? გახარიას როგორც ყოფილ პრემიერმინისტრს ნამდვილად არ ჰქონდა კრიზისების მართვის უნარი. ერთის მხრივ ეს ჩანს ძალიან დაგვიანებული ვაქცინაციის პროგრამით და მეორე მხრივ, ყველასთვის ნათელია, რომ ქართული ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია", — აცხადებს ის.

მისივე თქმით, გახარიას ოპოზიციის ფლანგზე ყოფნა ადასტურებს იმ ვერსიას, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის მიერ "შემოყვანილი მოთამაშე".

ამ დროისთვის გახარიას პარტია არის ვირტუალური და არანაირ ოპოზიციურ ძალას არ წარმოადგენს. შესაბამისად, ეს ადასტურებს იმ ვერსიას, რომელიც გამოთქმული იყო არაერთხელ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოყვანილი მოთამაშე იმისათვის, რომ შეაჩეროს ქართული ოცნების ელექტორატის რღვევა, რომელიც სახეზეა და გამოწვეულია ოცნების დღევანდელი ლიდერების რადიკალიზმით და არაკონსტრუქციული ნაბიჯებით.

მისივე განცხადებით, დროა გიორგი გახარიამ უთხრას საზოგადოებას, რატომ "გააჩერა" ანაკლიის პროექტი, "ვისი დავალებით გააჩერა", რატომ მიაყენა ამხელა ზიანი ქვეყანას, რატომ "გააქცია" ინვესტორები ქვეყნიდან.