"ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო", — ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე მსახიობისა და ტელეწამყვანის, ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ყოფილი ქმრის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობაზე.

"ჯერ ეს ერთი, ეს თემა მე არ ვიცი. მეორეც ერთი, ეს არის ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით განსახილველი საკითხი. ეს არანაირად არ ეხება... ეს არ არის კულტურის კომიტეტის... ძალადობა, ზოგადად, დასაგმობია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის შესასწავლი თემა. ჩვენ ხომ არ ვიცით ეს რა იყო მართლა. ეს ხომ შესასწავლი თემაა. თქვენც ხომ კარგად გესმით, რომ ეს არ არის ესე მარტივად. ეს არის, ეს შეიძლება იყოს... გასარჩევია სასამართლოში. ეს ძაან ღრმა და ძაან მტკივნეული რაღაცაა. როდესაც არის ძალადობა, ძალადობა არის ცალსახად დასაგმობი, მაგრამ ეს იყო ძალადობა, არ იყო ძალადობა, ვინ როგორ გამოიყენა, ეს არის შესასწავლი თემა და ამას ალბათ შეისწავლის, არა?", — აცხადებს ის.

მისივე თქმით, როცა 20-30 წლის შემდეგ ვიღაც "აყვირდება", რომ რაღაც მოხდა, "ამას გარკვევა სჭირდება".

"რობერტ სტურუა არის თქვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საქართველოს ძალიან დიდი სიამაყე. ეს ადამიანი არის უდიდესი ხელოვანი და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით. არ იცით ეგა?[...] იმ ადამიანმა მხარი დაუჭირა შეიძლება იმ ადამიანს, რომელზეც ეუბნებიან, რომ იყო ძალადობაში ჩათრეული. მაგრამ ის ამბობს, რომ ჯერ გაარკვიეთ და მერე... ამხელა აგრესია რომ წამოვიდა, ამას უნდა კარგად გაანალიზება. მსოფლიოს ახსოვს ასეთი მაგალითები, როცა 20-30 წლის შემდეგ ვიღაც აყვირდება, რომ რაღაც მოხდა. [...] ეს თემა ისეთი თემაა, რაზეც ახლა მეუბნებით, რომ არავინ არ იცის. ეს არის ზეპირსიტყვიერება. აი, ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო?", — განაცხადა მან.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.

"არ მახსოვს რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფრი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად. ხელის აღებაც არ იყო. ანუ, რეალურად, ძალიან [მცემა]", — განაცხადა მან.

ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობას უარყოფს და აცახდებს, რომ მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.

"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები რომ გამოძიებას გავცე პასუხები. [...] მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არცერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს", — აცხადებს ის რუსთავი 2-თან.

მაყაშვილის განცხადებას რუსთაველის თეატრი გამოეხმაურა. მათი თქმით, გმობენ ყოველგვარ ძალადობას. კითხვაზე, აპირებენ თუ არა ბესო ზანგურთან თანამშრომლობის გაგრძელებას, თეატრში პასუხობენ, რომ ძალადობის დამტკიცებისა და იურიდიული დოკუმენტის გარეშე ამის განხილვის უფლება არ აქვთ.

"ამ ეტაპზე ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ ჩვენ არა ვართ იურიდიული დაწესებულება, რომ ეს გამოვიძიოთ. [...] თეატრს არ აქვს უფლება, იურიდიული დოკუმენტის გარეშე განიხილოს რამე", — განაცხადეს პრესსამსახურში.

საჯარო განცხადების შემდეგ, ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამავე თემაზე: