რუსთაველის თეატრის მსახიობი, თამთა ინაშვილი სამხატვრო დასის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას მხრიდან ქალების სიძულვილზე საუბრობს.

"რობერტ სტურუა, დიახ, რატომღაც ქალი არის საძულველი და მით უმეტეს ქართველი ქალი. სულ ხუმრობით, წაკბენით, ყოველთვის ისმის. რა იყო, ქალო, ფულიანი ქმარი გყავს ხმას რომ იღებ? ახლა იყავი გმირი ქალი და წადი თეატრიდან — ეს დამოკიდებულებაა", — აცხადებს მსახიობი კურიერის ეთერში.

რუსთველის თეატრმა გააუქმა რობერტ სტურუას სპექტაკლის ჩვენება, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს. სტურუამ განაცხადა, რომ თეატრიდან არ მიდის და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, წავა მხოლოდ მაშინ, თუ გააგდებენ.

"დამშვიდდით, თატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ! მხოლოდ მაშინ! მიყვარხართ ქართველებო!" — წერს სტურუა ფეისბუქგვერდზე.

მას შემდეგ, რაც მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმრის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ოჯახში ძალადობაზე ისაუბრა, სტურუა ზანგურს გამოესარჩლა. მან მაყაშვილის განცხადება საბჭოთა კავშირის მიერ 1937 წელს დაწყებულ პოლიტიკურ რეპრესიებს შეადარა და ჰომოფობიური და მიზოგინური განცხადებებიც გააკეთა.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.

"არ მახსოვს რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფრი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად. ხელის აღებაც არ იყო. ანუ, რეალურად, ძალიან [მცემა]", — განაცხადა მან.

ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობას უარყოფს და აცახდებს, რომ მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.

"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები რომ გამოძიებას გავცე პასუხები. [...] მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არცერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს", — აცხადებს ის რუსთავი 2-თან.

საჯარო განცხადების შემდეგ, ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამავე თემაზე: