რუსთაველის თეატრის სამხატვრო დასის ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა აცხადებს, რომ თეატრიდან არ მიდის და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, წავა მხოლოდ მაშინ, თუ გააგდებენ.

"დამშვიდდით, თატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ! მხოლოდ მაშინ! მიყვარხართ ქართველებო!" — წერს სტურუა ფეისბუქგვერდზე.

მას შემდეგ, რაც მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმრის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ოჯახში ძალადობაზე ისაუბრა, სტურუა ზანგურს გამოესარჩლა. მან მაყაშვილის განცხადება საბჭოთა კავშირის მიერ 1937 წელს დაწყებულ პოლიტიკურ რეპრესიებს შეადარა და ჰომოფობიური და მიზოგინური განცხადებებიც გააკეთა.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, რუსთველის თეატრმა გააუქმა რობერტ სტურუას სპექტაკლის ჩვენება, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.

"არ მახსოვს რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფრი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად. ხელის აღებაც არ იყო. ანუ, რეალურად, ძალიან [მცემა]", — განაცხადა მან.

ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობას უარყოფს და აცახდებს, რომ მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.

"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები რომ გამოძიებას გავცე პასუხები. [...] მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არცერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს", — აცხადებს ის რუსთავი 2-თან.

საჯარო განცხადების შემდეგ, ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამავე თემაზე: