ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings, რომელიც Lufthansa Group-ში შედის, საქართველოს მიმართულებით რეგულარული ოპერირების დაწყებას განიხილავს.

მინისტრის თქმით, ავიაკომპანიამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციია სააგენტოს ოფიციალურად უკვე მიმართა.

"სასიხარულოა, რომ ჩვენ არათუ გვიბრუნდება ძველი ავიაგადამზიდავი კომპანიები, არამედ ახალი მონაწილეებიც გვემატება. Eurowings - მა ოფიციალურად გამოთქვა სურვილი და მიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რომ ზაფხულის პერიოდში, პირველ რიგში, თბილისი — დიუსელდორფი — თბილისის ფრენებს დაიწყებს, შემდგომში კი არეალს გააფართოვებს. ტურიზმის გამოცოცხლების კვალობაზე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართულ ბაზარს ახალი ავიაკომპანიები შეუერთდება", — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 ივლისიდან დიუსელდორფი — თბილისი — დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე რეისებს შეასრულებს, ფრენები კი კვირაში 2 სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.