ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელები თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლოში არსებითი განხილვა გაგრძელდება 29 აპრილს, 12:00 საათზე.

ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და ოჯახის წევრებს. სანაია ამას თავის პროფესიული საქმიანობას უკავშირებს. ჟურნალისტს ტვინის შერყევას აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სამი ადამიანი დააკავა. სამივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც გულისხმობს ძალადობას, მუქარას და დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდასხმას უკიდურესად შემაშფოთებელი უწოდა სახალხო დამცველმა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კი მომხდარი დაგმო. აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ხელისუფლებას, ამ საქმესთან ერთად გამოიძიოს ჟურნალისტებზე ძალადობის გაუხსნელი საქმეები.

განსხვავებული იყო რეაქციები ხელისუფლებაში. პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს ცალკეულმა დეპუტატებმაც, თუმცა ზოგიერთმა მიუთითა იმაზეც, რომ "არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა" და "კრიტიკაზე, დიდი ბოდიში და, უარს ვერ ვიტყვით".

ამავე თემაზე: