ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტ ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა გარკვეული პირობებით.

"დღეს ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გახსნას რკინის კედელი და მოგვეცეს გადაადგილების და მშვიდობიანი პროტესტის საშუალება. რაც შეეხება დიალოგს რაზეც მოუწოდა საპატრიარქომ ხელისუფლებას და ზოგადად მხარეებს, ჩვენ მზად ვართ შინაარსობრივი დიალოგისთვის მაგრამ გვაქვს გარკვეული პირობები. მნიშვნელოვანია გაიხსნას კედელი და შევძლოთ ნამოხვანში კარვების გაშლა, სადაც კარვების სივრცეში მოვიდეს პრემიერი ან პრემიერის მიერ დანიშნული უფლებამოსილო პირი, რომელსაც ექნება გადაწყვეტილების მიღების უფლება მათ შორის. და დაიწყებს ჩვენთან შინაარსობრივ დიალოგში შემოსვლას და არ დაიწყებს ლოზუნგებით საუბარს, როგორც აქამდე აკეთებდა ხელისუფლება. თუ არიან ამ ყველაფრისთვის მზად, მათზეა ნაბიჯი", — განაცხადა გოლეთიანმა.

საპატრიარქოს მხრიდან მხარეებისთვის დიალოგისკენ მოწოდების შემდეგ ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს ყველა სადავო საკითხის დიალოგის რეჟიმში განხილვისკენ მოუწოდა. მათი განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის ადგილს არ ტოვებს.

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. აქტივისტების მოთხოვნები უცვლელია. 12 აპრილს სოფელ გუმათში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაპირისპირება იყო აქტივისტებსა და პოლიციას შორის. მას შემდეგ, რაც აქტივისტები პოლიციამ სოფელ ნამახვანისკენ არ გაუშვა, მათ მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს ქუთაისისკენ.

"ხელისუფლებამ ისინი [პოლიციელები] აქცია მხოლოდ დავალებების შემსრულებლად და უბედურება ის არის, რომ დავალება არის უკანონო, უსამართლო და ადამიანების შეურაცხმყოფელი", — ამბობს აქტივისტი მაკა სულაძე TV პირველთან საუბარში.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ მათ არ ექნებათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა სოფელ ნამახვანში, პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებს.

ნამახვანისკენ გზა პოლიციას მას შემდეგ აქვს ჩაკეტილი, რაც 11 აპრილს, სოფელში აქტივისტების საპროტესტო კარვების დაშალეს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა აქტივისტებს განუმარტა, რომ პოლიცია უზრუნველყოფდა კარვებისა და სხვა ინვენტარის გადატანას იქ, სადაც აქცია გაგრძელდებოდა, მაგრამ "სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების" გამო კარვები ნამახვანში ვერ გაიშლებოდა.

აქტივისტები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციამ სოფელ ნამახვანში მათი კარვები დაშალა, ჰესის მშენებელმა კომპანია ENKA-მ ის ტერიტორია გადახნ. ENKA-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია 2019 წლიდან ნამახვანჰესის პროექტის საკუთრებაა.

გაიგეთ მეტი: