"დროა მუდმივი ომი დასრულდეს", — განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და თქვა, რომ აშშ ავღანეთიდან ჯარების გაყვანას 1-ლი მაისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მედიის ცნობით, თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა აღიარა, რომ აშშ-ის მიზნები უკანასკნელ ათწლეულში სულ უფრო არათვალსაჩინო გახდა. მან ჯარების საბოლოო გაყვანის ვადად 11 სექტემბრი დაასახელა, რაც ამერიკაში 20 წლის წინ მომხდარი ტერაქტის თარიღს ემთხვევა. ბრიუსელში ნატოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ავღანეთში NATO-ს მეთაურობის ქვეშ მყოფი უცხოური ჯარები ავხანეთს 11 სექტემბრამდე აშშ-ის კოორდინაციით დატოვებენ.

ამასთან, 15 აპრილს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ NATO-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს ქართული ქვედანაყოფებიც დატოვებენ.