პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები ოპოზიციის "ბოგინს" დაასრულებენ პოლიტიკაში.

"გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ოპონენტი შეიძლება ჰყავდეს მმართველ გუნდს პარლამენტში უკვე ამ 6 დეპუტატის სახით, თუმცა ის, რომ მათ პოლიტიკაში თავიანთი ადგილი დაიმკვიდრონ, არ იქნება მარტივი საკითხი, საკმაოდ რთულად მისაღწევი იქნება იმიტომ, რომ ჯერ არ არის მკაფიოდ ცნობილი რეალურად მათი პოლიტიკური მიზნები, მათი პოლიტიკური იდეოლოგია რაზეა დამყარებული, რა არის მათი ისტორია, დღევანდელობა და ხვალინდელობა რაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, იმას , რომ ისინი იქნებიან რეალურად ის ძალა, რომელიც ახალ სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში და განსაკუთრებით ამ რადიკალური ოპოზიციის, მოდი, ასე ვთქვათ, ბოგინს დაამთავრებს პოლიტიკაში და კონსტრუქტივიზმს შემოიტანს, რაც თავისთავად კარგია, ვიტყვი ამას, მაგრამ ამას შესრულება სჭირდება და დამტკიცება საქმით", — განაცხადა ქადაგიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

ქართული ოცნების ექვსი დეპუტატი ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას "პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე" უერთდება. ესენი არიან:

  1. გიორგი ხოჯევანიშვილი;
  2. მიხეილ დაუშვილი;
  3. ანა ბუჩუკური
  4. ალექსანდრე მოწერელია;
  5. ბექა ლილუაშვილი;
  6. შალვა კერესელიძე

ისინი ამბობენ, რომ იზიარებენ ქართული ოცნებების წარმატებებსა და წარუმატებლობებს, ამავე დროს კი, გრძნობენ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით დგამენ ამ ნაბიჯს.