აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ ხელისუფლებას მათი მიმართულებით "ადეკვატური ნაბიჯების" გადადგმის სურვილი არ ექნება, მთელი ქვეყნის პიკეტირებას დააორგანიზებენ. ამის შესახებ მან აქციის ბოლოს ისაუბრა და იქ შეკრებილებს სამომავლო გეგმები გააცნო.

"მეგობრებო, მინდა გითხრათ ჩვენი მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების შესახებ. მოკლევადიანი გეგმა გულისხმობს იმას, რომ დღევანდელ ღამეს ვათევთ აქ, ხვალ 8 საათიდან გადავაადგილდებით ისევ გუმათში. თუკი ხელისუფლება ამ აბსოლუტურად დაუორგანიზებელ დღევანდელ ჩვენს შეხვედრას კიდევ არ გაითვალისწინებს, არ ექნება მას ადეკვატური ნაბიჯების გადმოდგმის სურვილი ჩვენი მისამართით, ჩვენ უკვე დავაორგანიზებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ქვეყნის პიკეტირებას, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში.

ჩვენ დავკეტავთ, მათ შორის, ავტობანსაც. ყველგან ერთნაირად იქნება ეს პროტესტი. ისინი იძულებულები გახდებიან, მოუწევთ შეასრულონ ყველა ჩვენი სამართლიანი და არგუმენტირებული მოთხოვნა. მაგრამ, თუკი მთელი ქვეყნის პიკეტრიებაც არ გახდება მათთვის საკმარისი, ჩვენ ყველა ერთად, ყველა მხრიდან დავიძრებით დედაქალაქში და აუღებელ აქციებს დავიწყებთ", — თქვა გოლეთიანმა.

საქართველოს საპატრიარქომ რიონის ხეობაში ბოლო დღეებში მიმდინარე დაძაბულობას შემაშფოთებელი უწოდა. საპატრიარქოს განცხადებით, სიტუაციის შემდგომი ესკალაცია და კატეგორიული ტონი დაუშვებელია, რომელიც ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას არ ტოვებს.

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. აქტივისტების მოთხოვნები უცვლელია. 12 აპრილს სოფელ გუმათში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაპირისპირება იყო აქტივისტებსა და პოლიციას შორის. მას შემდეგ, რაც აქტივისტები პოლიციამ სოფელ ნამახვანისკენ არ გაუშვა, მათ მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს ქუთაისისკენ.

"ხელისუფლებამ ისინი [პოლიციელები] აქცია მხოლოდ დავალებების შემსრულებლად და უბედურება ის არის, რომ დავალება არის უკანონო, უსამართლო და ადამიანების შეურაცხმყოფელი", — ამბობს აქტივისტი მაკა სულაძე TV პირველთან საუბარში.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ მათ არ ექნებათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა სოფელ ნამახვანში, პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებს.

ნამახვანისკენ გზა პოლიციას მას შემდეგ აქვს ჩაკეტილი, რაც 11 აპრილს, სოფელში აქტივისტების საპროტესტო კარვების დაშალეს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა აქტივისტებს განუმარტა, რომ პოლიცია უზრუნველყოფდა კარვებისა და სხვა ინვენტარის გადატანას იქ, სადაც აქცია გაგრძელდებოდა, მაგრამ "სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების" გამო კარვები ნამახვანში ვერ გაიშლებოდა.

აქტივისტები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციამ სოფელ ნამახვანში მათი კარვები დაშალა, ჰესის მშენებელმა კომპანია ENKA-მ ის ტერიტორია გადახნ. ENKA-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია 2019 წლიდან ნამახვანჰესის პროექტის საკუთრებაა.

გაიგეთ მეტი: