ევროპული საქართველო ირაკლი კიკნაველიძემაც დატოვა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაწერა და აღნიშნა, რომ დრო მოვიდა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდეს.

"მინდა, წარმატება ვუსურვო ევროპულ საქართველოს, ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას ამ პარტიის ქოლგის ქვეშ. ეს პარტია საქართველოს თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ლიბერალური დემოკრატიის დაცვის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული ხმა იყო და მჯერა, რომ ასეთად დარჩება. ზუსტად ვიცი, რომ გიგა ბოკერია ბოლომდე იბრძოლებს ამ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის", — წერს ის.

10 აპრილს, ევროპული საქართველოს ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა წარადგინეს, პარტიის თავმჯდომარედ კი გიგა ბოკერია აირჩიეს. ამას წინ უძღოდა ორი ლიდერის, დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას მიერ ჯერ პარტიიდან წასვლის დაანონსება, შემდეგ კი საბოლოოდ წასვლა.

ევროპულ საქართველოში აღარ არიან ლევან თარხნიშვილი, გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილიც. უცნობია ირმა ნადირაშვილის გადაწყვეტილება.

ყრილობის დღეს დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ წარდგენილი ლიდერების შემადგენლობით პარტიას გაუჭირდება ამომრჩევლებისა და პარტნიორების დარწმუნება "განახლებაში, ახალ ხედვებში და შესაბამისად, უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში". უგულავა კი ამბობს, რომ პატივს სცემს ბოკერიას გადაწყვეტილებას დარჩეს პარტიაში, მაგრამ ეს არა პასუხისმგებლობა, არამედ ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობა ჰქონია. ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თანაგუნდელების წასვლას მცდარი გადაწყვეტილება უწოდა.

ევროპულ საქართველოში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია On.ge-მ 9 თებერვალს გაავრცელა. მაშინ პარტიაში დავით ბაქრაძის წასვლას არ ადასტურებდნენ, თუმცა აცხადებდნენ, რომ არჩევნებზე მიღებული დაბალი შედეგის გამო, პარტიის განახლება და ცვლილებები იყო საჭირო.