ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა იმედს გამოთქვამს, რომ ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტები საპატრიარქოს მოწოდების ფონზე, დიალოგის მაგიდას დაუბრუნდებიან. მისი თქმით, "ამბიციები" ყველამ გვერდზე უნდა გადადოს და დიალოგზე უარი არ თქვას. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

"ასეთი ძლიერი მესიჯი, ძლიერი მოწოდება წამოვიდა საპატრიარქოდან, ამ ფონზე ხელახლა მინდა მივმართო საპროტესტო აქციის აქტივისტებს, ვინც ახლა საკმაოდ კატეგორიული მოწოდებებით გამოირჩევა და აპროტესტებს მშენებლობას უშუალოდ სოფელ ნამოხვანში. მოდით, გადავდოთ გვერდზე ჩვენი ყველა ამბიცია. მიუხედავად იმისა, რომ მე დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე სწორი ფორმატი კითხვა-პასუხის და დიალოგის არის სპეციალისტების ჩართვა, მზად ვართ, იმის გამო, რომ უშუალოდ მინისტრებისგან უნდათ პასუხების მოსმენა და ჩვენ ეს პასუხები, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია, თუნდაც 24-საათიან რეჟიმში შედგეს ეს შეხვედრა და ყველა კითხვაზე გავცეთ პასუხი უშუალოდ აქტივისტებს. მოდით, ნუ ვიტყვით უარს დიალოგზე, საუბარზე სხვადასხვა ხელოვნური მიზეზის გამო", — თქვა მან.

საქართველოს საპატრიარქომ რიონის ხეობაში ბოლო დღეებში მიმდინარე დაძაბულობას შემაშფოთებელი უწოდა. საპატრიარქოს განცხადებით, სიტუაციის შემდგომი ესკალაცია და კატეგორიული ტონი დაუშვებელია, რომელიც ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას არ ტოვებს.

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. აქტივისტების მოთხოვნები უცვლელია. 12 აპრილს სოფელ გუმათში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაპირისპირება იყო აქტივისტებსა და პოლიციას შორის. მას შემდეგ, რაც აქტივისტები პოლიციამ სოფელ ნამახვანისკენ არ გაუშვა, მათ მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს ქუთაისისკენ.

"ხელისუფლებამ ისინი [პოლიციელები] აქცია მხოლოდ დავალებების შემსრულებლად და უბედურება ის არის, რომ დავალება არის უკანონო, უსამართლო და ადამიანების შეურაცხმყოფელი", — ამბობს აქტივისტი მაკა სულაძე TV პირველთან საუბარში.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ მათ არ ექნებათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა სოფელ ნამახვანში, პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებს.

ნამახვანისკენ გზა პოლიციას მას შემდეგ აქვს ჩაკეტილი, რაც 11 აპრილს, სოფელში აქტივისტების საპროტესტო კარვების დაშალეს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა აქტივისტებს განუმარტა, რომ პოლიცია უზრუნველყოფდა კარვებისა და სხვა ინვენტარის გადატანას იქ, სადაც აქცია გაგრძელდებოდა, მაგრამ "სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების" გამო კარვები ნამახვანში ვერ გაიშლებოდა.

აქტივისტები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციამ სოფელ ნამახვანში მათი კარვები დაშალა, ჰესის მშენებელმა კომპანია ENKA-მ ის ტერიტორია გადახნ. ENKA-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია 2019 წლიდან ნამახვანჰესის პროექტის საკუთრებაა.

გაიგეთ მეტი: