გლობალური პანდემიის პერიოდი თითქოს გამოცდა იყო მენეჯერებისთვისაც. როგორ გაართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას და რამდენად უზრუნველყოფდნენ თანამშრომლებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნას.

კანადური კომპანიის SaskTech-ის პრეზიდენტს, აარონ გენესტს თანამშრომელმა ქალმა სამუშაო საათების 80 პროცენტამდე შემცირება სთხოვა, რადგან შვილთან მეტი დრო გაეტარებინა. აარონმა კი ამაზე უარი განუცხადა. ერთი შეხედვით, შეიძლება გავბრაზდეთ, თუმცა სანამ ემოციებს გამოვხატავთ, სრულ ისტორიას უნდა გავეცნოთ.

ფოტო: Twitter/ @AaronGenest

აარონმა მთელი ისტორია თავის Twitter-ზე მოყვა, რა თქმა უნდა, მისი თანამშრომლის თანხმობით.

გენესტის თქმით, აცნობიერებს, რომ შვილისთვის მეტი დროის დათმობა სამუშაო საათების შესამცირებლად შეიძლება საპატიო მიზეზად ჩაითვალოს. მაგრამ მისი თანამშრომელი ვარაუდობდა, რომ უფროსი მისგან ისეთივე პროდუქტიულობას ითხოვდა როგორსაც პანდემიამდე. ეს ვარაუდი კი არასწორი იყო. აარონის თქმით, იგი აცნობიერებს, რომ პანდემიამ ქალ თანამშრომლებზე უფრო მეტად იმოქმედა და ის მიღწევები, რაც კომპანიას გენდერული თანასწორობის კუთხით ჰქონდა, წაიშალა.

ის ამბის თხრობას თავისი გუნდის ქებით აგრძელებს. მისი თქმით, თანამშრომლებმა არაჩვეულებრივი შედეგი აჩვენეს და გაწეული საქმისთვის ჯილდოებიც კი დაიმსახურეს. ამ წარმატებას კი, პანდემიის პირობებში, თვითიზოლაციის დროს შვილებთან ერთად მიაღწიეს, მაშინ როცა დიდი სტრესის ქვეშ იყვნენ და თავს, ხშირად, მარტოსულადაც გრძნობდნენ.

SaskTech-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი გუნდის წარმატების მიზეზი არ იყო დაწესებული ნორმები. რეალურად ისინი მუდამ ამხნევებდნენ ერთმანეთს და გუნდურად მუშაობდნენ. თუკი ვინმეს 2 წლის შვილი, ზუმის შეხვედრის დროს ოთახში შემოვიდოდა, ამ ამბავზე იცინოდნენ. თუ რომელიმე მათგანს არაპროდუქტიული დღე ჰქონდა, მუშაობას წყვეტდა, რომ მეორე დღე უკეთესი ყოფილიყო.

აარონმა ჩათვალა, რომ მისი თანამშრომელი ქალი არ იმსახურებდა ხელფასის შემცირებას, ამიტომ ამის მაგივრად მას მხარდაჭერა შესთავაზა. მისი სიტყვებით, მთელი გუნდი ცდილობს მის დახმარებას, რომ თანამშრომელმა თავი ბედნიერად იგრძნოს, შეძლოს ხელი შეუწყოს თავისი შვილის განათლებას და ამავდროულად, იყოს პროდუქტიული სამსახურში.

ფოტო: giphy

გენესტის სხვა მენეჯერებს მოუწოდებს, რომ როდესაც მათ პრობლემა აქვთ, თავად გუნდთან მუშაობით გადაწყვიტონ ის. მოუსმინონ საკუთარ თანამშრომლებს და შეუქმნან ისეთი გარემო, სადაც მშვიდად და დაფასებულად იგრძნობენ თავს.

Bucknell-ის უნივერსიტეტის მკვლევრები ამბობენ, რომ გლობალურმა პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა გენდერულ თანასწორობას. ისინი იმედოვნებდნენ, რომ სახლიდან მუშაობის დროს პარტნიორები თანაბრად გადაინაწილებდნენ ვალდებულებებს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

"ქალები აცნობიერებენ ოჯახის მოთხოვნილებებს, კაცები კი არც ისე ხშირად", — ამბობს პროფესორი ენდრიუ ინი.

ფოტო: Nickelodeon

აარონ გენესტს ტვიტერზე უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, საკუთარი გამოცდილების მოყოლით. მას ამ თემაზე საუბრისთვის მადლობაც გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ აარონს სხვა კოლეგებიც მიბაძავენ და იზრუნებენ საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების უფლებებზე.