სამოქალაქო აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ. ისინი გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებენ და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. აქტივისტების განცხადებით, პოლიციელმა გიორგი მუმლაძეზე ფიზიკურად იძალადა. მათი მოთხოვნაა, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყონ.

"ნაცვლად იმისა, რომ ის მოძალადე პოლიციელი დააკავონ, ვინც განახორციელა გიორგი მუმლაძეზე ფიზიკური ძალადობა, სამწუხაროდ, პოლიცია აკავებს სამოქალაქო აქტივისტებს. იმ ადამიანებს, ვინც თვითმხილველები იყვნენ, თუ როგორ ძალადობდა პოლიციელი სამოქალაქო აქტივისტზე. ეს პოლიციელი სასწრაფოდ არის გასაშვები და გამოძიებაა დასაწყები. მაგრამ სამოქალაქო აქტივისტებს აკავებენ.

აქ ვდგავართ და ვაპროტესტებთ, მშვიდად ვითხოვდით, რომ შეგვხვედროდნენ შსს-ში ადამიანები, ვისაც ჩავაყენებდით საქმის კურსში იმაზე, თუ როგორ ძალადობდა პოლიციელი სამოქალაქო აქტივისტსზე და ნაცვლად პასუხისა, მათი რეაქცია იყო მშვიდობიანი აქტივისტების დაკავება", — თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

მისივე ინფორმაციით, აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

დღეს, 14 აპრილს ქართული ოცნების ოფისთან აქციის დროს ერთი აქტივისტი, გიორგი მუმლაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.