რუსთველის თეატრმა გააუქმა რობერტ სტურუას სპექტაკლის ჩვენება, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს.

"რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს იულიუს კეისარი.

ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ თეატრის სალაროში, ხოლო საიტზე www.biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე", — წერია განცხადებაში.

ამას წინ უძღოდა მაყაშვილის ინტერვიუს მეორე დღეს თეატრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც ძალადობა დაგმეს. On.ge-ს კითხვაზე, აპირებდნენ თუ არა ბესო ზანგურთან თანამშრომლობის გაგრძელებას, მაშინ თეატრში პასუხობდნენ, რომ ძალადობის დამტკიცებისა და იურიდიული დოკუმენტის გარეშე ამის განხილვის უფლება არ აქვთ.

"ამ ეტაპზე ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ ჩვენ არა ვართ იურიდიული დაწესებულება, რომ ეს გამოვიძიოთ. [...] თეატრს არ აქვს უფლება, იურიდიული დოკუმენტის გარეშე განიხილოს რამე", — განაცხადეს პრესსამსახურში.

რუსთაველის თეატრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ სპექტაკლის რეჟისორი რობერტს სტურუაა, ბესო ზანგური კი ერთ-ერთ როლს ასრულებს.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.

"არ მახსოვს რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფრი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად. ხელის აღებაც არ იყო. ანუ, რეალურად, ძალიან [მცემა]", — განაცხადა მან.

ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობას უარყოფს და აცახდებს, რომ მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.

"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები რომ გამოძიებას გავცე პასუხები. [...] მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არცერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს", — აცხადებს ის რუსთავი 2-თან.

საჯარო განცხადების შემდეგ, ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამავე თემაზე: