ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს ყველა სადავო საკითხის დიალოგის რეჟიმში განხილვისკენ მოუწოდებს. მათივე განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის ადგილს არ ტოვებს.

"ყველა სადავო საკითხი განხილულ იქნას დიალოგის რეჟიმში, რათა ყველა შეკითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი და საზოგადოებას მიეწოდოს ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია.

მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ვითარების შემდგომი ესკალაცია, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, რომელიც დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის ადგილს არ ტოვებს", — აცხადებენ უწყებაში.

ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, დიალოგს დათანხმდებიან. აქციის ორგანიზატორების ბრალდების საპასუხოდ კი ამბობენ, რომ დიალოგის პროცესი მათ არ შეუწყვეტიათ. მათივე თქმით, სამეცნიერო და ექსპერტული ჯგუფებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებული კვლევების შესწავლის კუთხით აქტიური კომუნიკაცია დღესაც მიმდინარეობს.

"ვფიქრობთ, ამ ფორმატით ურთიერთობამ უფრო გამჭვირვალე გახადა ამ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების პროცესი. იმედი გვაქვს, რომ კვლევების შესწავლის შემდეგ პროფესიულ საზოგადოებაში აღარ იქნება შეკითხვები ნამახვანი ჰესის უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნული პროცესი პოზიციების საბოლოო შეჯერებამდე გაგრძელდება", — წერია განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქომ რიონის ხეობაში ბოლო დღეებში მიმდინარე დაძაბულობას შემაშფოთებელი უწოდა. საპატრიარქოს განცხადებით, სიტუაციის შემდგომი ესკალაცია და კატეგორიული ტონი დაუშვებელია, რომელიც ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას არ ტოვებს.

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. აქტივისტების მოთხოვნები უცვლელია. 12 აპრილს სოფელ გუმათში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაპირისპირება იყო აქტივისტებსა და პოლიციას შორის. მას შემდეგ, რაც აქტივისტები პოლიციამ სოფელ ნამახვანისკენ არ გაუშვა, მათ მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს ქუთაისისკენ.

"ხელისუფლებამ ისინი [პოლიციელები] აქცია მხოლოდ დავალებების შემსრულებლად და უბედურება ის არის, რომ დავალება არის უკანონო, უსამართლო და ადამიანების შეურაცხმყოფელი", — ამბობს აქტივისტი მაკა სულაძე TV პირველთან საუბარში.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ მათ არ ექნებათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა სოფელ ნამახვანში, პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებს.

ნამახვანისკენ გზა პოლიციას მას შემდეგ აქვს ჩაკეტილი, რაც 11 აპრილს, სოფელში აქტივისტების საპროტესტო კარვების დაშალეს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა აქტივისტებს განუმარტა, რომ პოლიცია უზრუნველყოფდა კარვებისა და სხვა ინვენტარის გადატანას იქ, სადაც აქცია გაგრძელდებოდა, მაგრამ "სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების" გამო კარვები ნამახვანში ვერ გაიშლებოდა.

აქტივისტები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციამ სოფელ ნამახვანში მათი კარვები დაშალა, ჰესის მშენებელმა კომპანია ENKA-მ ის ტერიტორია გადახნ. ENKA-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია 2019 წლიდან ნამახვანჰესის პროექტის საკუთრებაა.

გაიგეთ მეტი: