მწერალი ლაშა ბუღაძე აცხადებს, რომ მოძალადის მიერ პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატება ღირებულებად ვერ ჩაითვლება. ასე ეხმაურება იგი მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას, რომელმაც ყოფილი ქმარი, ასევე მსახიობი ბესო ზანგური ძალადობაში დაადანაშაულა.

"მოძალადე ფსიქოპატისგან, ვინც ფიზიკურად მასზე სუსტს ჩაგრავს, ძალადობს და აგრესიას ვერ აკონტროლებს, არც ჩოგნის ქნევით მოპოვებული გამარჯვება ჩაითვლება რაიმენაირ ღირებულებად და არც სცენაზე დგომა "მსახიობ-აკადემიკოსად" - მოძალადე მოძალადეა და სხვა ყველაფერი არააქტუალურია. ჩემი სოლიდარობა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს! ვამაყობ ამ ადამიანის გაბედულებით. მისი კოლეგების უმრავლესობისგან დუმილი კი, იმედია, დროებითია... ამოიღეთ ხმა!", — წერს ბუღაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილ ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში რუსთავი 2-ის გადაცემა ფარულ კონვერტში სტუმრობისას დაადანაშაულა.

"არ მახსოვს რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად. ხელის აღებაც არ იყო. ანუ, რეალურად, ძალიან [მცემა]", — განაცხადა მან.

ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობას უარყოფს და აცხადებს, რომ მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.

"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები რომ გამოძიებას გავცე პასუხები. [...] მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არცერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს", — აცხადებს ის რუსთავი 2-თან.

მაყაშვილს სოლიდარობა არაერთმა კოლეგამ და ცნობილმა სახემ გამოუცხადა. თავად ზანგური ყველა მსახიობს, ვინც მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს, რუსთაველის თეატრსა და მის სამხატვრო ხელმძღვანელზე, რობერტ სტურუაზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

თავად სტურუამ მაყაშვილის მეიერ ზანგურს ძალადობაში დადანაშაულება საბჭოთა კავშირის, 1937 წელს დაწყებულ პოლიტიკურ რეპრესიებს შეადარა.

გაიგეთ მეტი: