მმართველი პარტიის დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ოპოზიციური პარტია იყოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ლიდერობით. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"მე მაინც მგონია, რომ ბევრი მიმართულებით არათანმიმდევრულობაა გამოვლენილი მათი გუნდის მხრიდან, რაც უკავშირდება, პრინციპში, თუნდაც ცალკეულ საკითხთან დაკავშირებულ პოზიციებს. აი, მაგალითად, ჩემთვის არ არის გასაგები, როგორ შეიძლება, ოპოზიციური პარტია იყოს ბატონი გიორგი გახარიას ლიდერობით, მაშინ, როდესაც ის იყო სულ ახლახანს, აგერ, საქართველოს პრემიერმინისტრი და შესაბამისად, იყო წარმმართველი სახელმწიფო პოლიტიკისა. ძნელად წარმომიდგენია, სიმართლე გითხრათ", — თქვა მან.

ქართული ოცნების ექვსმა დეპუტატმა პარტია დატოვა და ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას "პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე" უერთდებიან. ესენი არიან:

  1. გიორგი ხოჯევანიშვილი;
  2. მიხეილ დაუშვილი;
  3. ანა ბუჩუკური
  4. ალექსანდრე მოწერელია;
  5. ბექა ლილუაშვილი;
  6. შალვა კერესელიძე

ისინი ამბობენ, რომ იზიარებენ ქართული ოცნებების წარმატებებსა და წარუმატებლობებს, ამავე დროს კი, გრძნობენ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით დგამენ ამ ნაბიჯს.