ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და სოფელ გუმათში დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს და გუშინ, ჯამში 10 ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, დღეს გუმათჰესთან 4 ადამიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. დაპირისპირება პოლიციასა და აქტივისტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა მათ მიერვე აღმართული რკინის ჯებირები გადაკვეთეს. აქტივისტების თქმით დაპირისპირების საბაბი პოლიციელების მიერ შემოგზავნილი პროვოკატორი იყო.

გუშინ დაკავებული 6 აქტივისტის შესახებ კი შსს-ში აცხადებენ, რომ არ გაათავისუფლეს გზა და ამიტომ გამოიყენეს "იძულების პროპორციული ღონისძიებები". აქტივისტები აცხადებენ, რომ რადგან პოლიცია მათ სოფელ ნამოხვანში არ უშვებს, პროტესტის ნიშნად, ისინი არ გაატარებდნენ ჰესის მშენებელი კომპანია ENKA-ს სატვირთო მანქანებს.

"ჩვენ ვთქვით დღეს, რომ არ გავატარებდით კომპანიის მანქანებს, ამიტომ ხელაწეულები დახვდნენ ბიჭები და პირდაპირ გადმოვიდა პოლიცია დარბევაზე, ძალადობაზე. ძალა გამოიყენეს, მანქანებს მიახეთქეს ბიჭები", — განაცხადა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა.