პიცის გიგანტი Domino რობოტების მწარმოებელ კომპანია Nuro-სთან თანამშრომლობს. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ქალაქ ჰიუსტონში შეკვეთილ პიცას ავტონომიური რობოტი მოგიტანთ.

რობოტს სახელად R2 ჰქვია და ის Nuro-ს მიერ არის დამზადებული. ოთხ ბორბლიანი რობოტი-მანქანა პირველად 2020 წლის თებერვალში გამოჩნდა. ის ახლა პირველი სრულად ავტონომიური მოწყობილობაა, რომელიც ტრანსპორტის კონტროლის დეპარტამენტმა დაამტკიცა. შესაბამისად, მას გზებზე მოძრაობა უკვე შეუძლია.

"ავტონომიური მიწოდების სერვისის დასახვეწად ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა მოგვიწევს. კონკრეტული პროგრამა საშუალებას მოგვცემს უკეთ გავიგოთ, როგორ რეაგირებენ მომხმარებლები მსგავს მიწოდებაზე, რამდენად კომფორტულია რობოტთან ურთიერთობა და რა შედეგები ექნება ამას გაყიდვებზე." — თქვა Domino-ს ვიცე-პრეზიდენტმა, დენის მალონიმ.

მომხმარებელს შეკვეთილი პიცის ლოკაციისთვის თვალყურის დევნება ინტერნეტით და ტექსტური შეტყობინებებით შეეძლება. რობოტის დანიშნულების ადგილას გამოცხადების შემდეგ, მომხმარებელი კონკრეტულ კოდს შეიყვანს, რითაც შეკვეთილ პროდუქტს მიიღებს.

Domino ამ მხრივ მარტო არ არის. ავტონომიური მიწოდების მხრივ, კომპანიები სულ უფრო აქტიურდებიან. მაგალითად, საცალო ვაჭრობის გიგანტი Walmart, ავტონომიური მიწოდების დაწყებას წელს აპირებს. დასაწყისისთვის, Walmart მსგავს მომსახურებას არკანზასსა და ლუიზიანაში გეგმავს.