მწერალმა ლინდსი სპენსმა ლეგენდარული ამერიკელი სოპრანოს მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიულ წიგნი დაწერა, რომელზე მუშაობის დროსაც მომღერლის მანამდე გამოუქვეყნებელი და ბევრისთვის აქამდე უცნობი პირადი წერილებისა თუ ჩანაწერების გაცნობის საშუალება მიეცა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ოპერის საკულტო ხელოვანის ცხოვრების შესწავლამ მწერალი შოკის მომგვრელ შედეგებამდე მიიყვანა: აღმოჩნდა, რომ მარია კალასს დედა აშანტაჟებდა, ქმარმა გაძარცვა, საყვარელმა კი მასზე იძალადა. სოპრანო, რომელსაც სცენაზე მთელ მსოფლიოში აღმერთებდნენ, სცენის მიღმა გულცივი, სასტიკი და უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი იყო.

ლინდსი სპენსი აცხადებს, რომ წერილები, რომლებიც კალასის პარტნიორ, გავლენიან მაგნატ არისტოტელე ონასისისს უკავშირდება, განსაკუთრებით შემაძრწუნებელია:

"[კალასის] ერთ-ერთი ახლო მეგობარი დღიურში წერს, თუ როგორ გააბრუა ონასისმა კალასი ნარკოტიკებით სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად. ახლა ამას ჩვენ გაუპატიურებას ვუწოდებთ", — ამბობს სპენსი.

ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ შემაშფოთებელი ქმედებებისა, რომლითაც არიტოტელე ონასისი მომღერლის სიცოცხლეს ხანდახან საფრთხესაც კი უქმნიდა. მარია კალასი თავის პირად მდივანს ერთ წერილში ეუბნება: "აღარ მინდა, რომ თუნდაც დამირეკოს და ისევ დაიწყოს ჩემი წამება".

მარია კალასი წერს ჯოვანი მენეგინისთან ქორწინების იმედგაცრუებაზეც: "ჩემი ქმარი ისევ გულს მიწყალებს მას შემდეგაც, რაც ჩემი ქონების ნახევარი მომპარა: ქორწინებისას თავის სახელზე იფორმებდა ყველაფერს... სულელი ვიყავი... მას რომ ვენდე".

კიდევ ერთი პირი, რომელმაც მას ცხოვრება გაუმწარა, ნიუ-იორკში მუსიკალური სკოლის დირექტორი, დაქორწინებული კაცი იყო, რომელმაც მას სწავლის გაგრძელების უფლება აღარ მისცა: "პიტერ მენინს შევუყვარდი. ბუნებრივია, მე იმავეს არ ვგრძნობ მის მიმართ და ამის გამო გადამემტერა", — წერს კალასი თავის ნათლიას.

მარია კალასი თავის პარტნიორთან, არისტოტელე ონასისთან ერთად 1959 წელს.

ფოტო: Hulton Deutsch/Corbis/Getty Images

ახლახან სააშკარაოზე გამოტანილმა მასალებმა აჩვენა, რომ მარია კალასის არც ბავშვობის წლები, რომლებიც ათენში გაატარა, იყო ნათელი და უდარდელი: "კალასი ღიად გამოხატავდა ბრაზს დედამისის მიმართ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს პროსტიტუციას ეწეოდა და იმავე საქმეში შვილის ჩართვასაც ცდილობდა", — ამბობს სპენსი.

მოგვიანებით მარია კალასის დედამ პრესას ინფორმაციები მიჰყიდა და თავის შვილს ფულს სძალავდა კიდეც: "იცი, პირველ რიგში რას აკეთებენ კინოხელოვანები, როგორც კი გამდიდრდებიან? თავიანთ პირველ შემოსავალს მშობლებს ახარჯავენ და სიმდიდრეში აცხოვრებენ... შენ რისი თქმა შეგიძლია ამაზე, მარია?" — წერდა დედამისი მას.

"მას რომ ოდესღაც ნამდვილი დედობა გაეწია ჩემთვის, თავს გადავყვებოდი", — წერს კალასი.

აღსანიშნავია, რომ დიდად განსხვავებული გამოცდილება მომღერალს არც მამასთან ჰქონია: "მან წერილი მისწერა შვილს, რომ თითქოს საავადმყოფოში კვდებოდა და ფული სჭირდებოდა. სინამდვილეში, სულ უმნიშვნელო თანხა ჰქონდა გადასახდელი", — აღნიშნავს სპენსი.

"ყელში ამომივიდა ჩემი მშობლების ეგოიზმი და გულგრილობა. აღარ მინდა, მათთან რაიმე ურთიერთობა მქონდეს. იმედია, გაზეთებში მათ შესახებ არ გაიგებენ, თორემ მერე მართლა ვინანებ, საერთოდ რომ მყავდა მშობლები", — წერს კალასი.

მარია კალასი ნიუ-იორკში დაბადებული ბერძნული წარმოშობის სოპრანოა, რომელიც ოპერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი იყო. ის 1977 წელს 53 წლის ასაკში დაიღუპა. მისი აქამდე გამოუქვეყნებელი წერილები ჯანმრთელობის პრობლემებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შესახებაც მოგვითხრობს, რამაც 1960-იან წლებში მისი გამოსვლები გააუარესა — რამდენჯერმე ხმაც კი დაკარგა.

"ინფორმაცია იმ ნევროლოგის შესახებაც მოვიძიე, რომელიც მას სიკვდილის წინ მკურნალობდა. კალასს ნერვ-კუნთოვანი დარღვევა ჰქონდა, რომლის სიმპტომები 1950-იან წლებში დაეწყო. ამით აიხსნება მისი პრობლემებიც მუსიკალურ კარიერაში, თუმცა მას ხშირად ექიმები თავიდან იშორებდნენ, როგორც "გიჟს", — ამბობს სპენსი.

ლინდსი სპენსის ბიოგრაფიული წიგნი მარია კალასის დაფარული ცხოვრება პირველ ივნისს გამოქვეყნდება.