ალან რიკმანმა ფენტეზის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი პერსონაჟი კამერების წინ იდეალურად გააცოცხლა და გამორჩეული კინოგმირი გვაჩუქა. ჰარი პოტერის სხვა მსახიობები ხშირად აღნიშნავდნენ, თუ რა განსაკუთრებული პიროვნება იყო ის სევერუს სნეიპის როლის მიღმაც: "ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და გვერდში მდგომი ადამიანი იყო, ვინც კი კინოინდუსტრიაში შემხვედრია", — თქვა დენიელ რედკლიფმა 2016 წელს რიკმანის გარდაცვალების შემდეგ.

ცოტა ხნის წინ ალან რიკმანთან ურთიერთობის გამოცდილებაზე ერთ-ერთ პოდკასტში ნევილ ლონგბოტომის როლის შემსრულებელმა, მეთიუ ლუისმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ამ ლეგენდარულ მსახიობთან ურთიერთობის კარგი შესაძლებლობა არ მისცემია და მხოლოდ ჰარი პოტერის უკანასკნელი ფილმის, სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი მეორე გადაღებების ბოლო დღეს შეძლო, გულწრფელად გასაუბრებოდა.

"მის პირად ტრაილერში მივედი და ვუთხარი: 'ვიცი, რომ დღეს შენი ბოლო დღეა და უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ საოცარი იყო შენთან ერთად ამდენი ხნის განმავლობაში მუშაობა. ვიცი, რომ აქამდე ხშირად არ გვისაუბრია, მაგრამ მინდოდა ახლა მაინც მეთქვა ეს, რადგან ბოლომდე ვიაზრებ, თუ როგორი შესანიშნავი ადამიანი ხარ. მადლობა, რომ შენთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა ათი წლის განმავლობაში მომეცი და ამ დროში ერთხელაც არ გიყვირია ჩემთვის ან ისე არ მომქცევიხარ, თითქოს, შენი სწორი არ ვიყავი", — ასე გაიხსენა მეთიუ ლუისმა მასთან საუბარი.

ნევილ ლონგბოტომის როლის შემსრულებლის თქმით, ეს სიტყვები ალან რიკმანმა გულთან ახლოს მიიტანა და მასთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდა მსახიობს მომავალ გეგმებზე, ჰარი პოტერის შემდგომ ცხოვრებაზე რჩევები მისცა:

"ჩაიდანი დაადგა, ჩაი გაამზადა და იმაზე ვისაუბრეთ, თუ რას ვაპირებდი სამომავლოდ და კარიერასთან დაკავშირებული ძვირფასი რჩევები გამიზიარა".

როგორც ჩანს, ალან რიკმანი რეალურ ცხოვრებაში ჰაგრიდს უფრო ჰგავდა, ვიდრე — სნეიპს.

მეთიუ ლუისი ნევილ ლონგბოტომის როლში.

ფოტო: Warner Bros.

ცნობილი ინგლისელი მსახიობი და ჰარი პოტერის ფილმების სერიის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სახე, ალან რიკმანი 2016 წელს კიბოს დიაგნოზით 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2022 წელს მისი პირადი დღიურები წიგნის სახით გამოიცემა და უამრავი მაყურებლისთვის ამ ძვირფას კინოხელოვანს კიდევ უფრო ახლოს გავიცნობთ.