მსახიობი თამთა ინაშვილი სოლიდარობას უცხადებს მსახიობსა და ტელეწამყვანს, ნინუცა მაყაშვილს და აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად ბესო ზანგურთან ერთად სპექტაკლში აღარ ითამაშებს.

"მე შენს გვერდით ვარ! ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ მისი სიმართლის უგულებელყოფას...

"სადღაც ცისარტყელას მიღმა" — არსებობს ასეთი სპექტაკლი, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას ვუწევთ მე და ბესო ზანგური. პროტესტის ნიშნად მე აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას!!" — წერს ის ფეისბუქგვერდზე.

გარდა ამისა, მსახიობს გაზიარებული აქვს რუსთაველის თეატრის პოსტიც, რომელშიც წერია, რომ დასი ყოველვარ ძალადობას ემიჯნება. ამ პოსტზე ინაშვილი წერს:

"ეს ადამიანი უნდა წავიდეს თეატრიდან. იქნებ ერთხელ და სამუდამოდ სინამდვილის მხარეს დადგეს ეს თეატრი!"

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.

"არ მახსოვს რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფრი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად. ხელის აღებაც არ იყო. ანუ, რეალურად, ძალიან [მცემა]", — განაცხადა მან.

ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობას უარყოფს და აცახდებს, რომ მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.

"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები რომ გამოძიებას გავცე პასუხები. [...] მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არცერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს", — აცხადებს ის რუსთავი 2-თან.

მაყაშვილის განცხადებას რუსთაველის თეატრი გამოეხმაურა. მათი თქმით, გმობენ ყოველგვარ ძალადობას. კითხვაზე, აპირებენ თუ არა ბესო ზანგურთან თანამშრომლობის გაგრძელებას, თეატრში პასუხობენ, რომ ძალადობის დამტკიცებისა და იურიდიული დოკუმენტის გარეშე ამის განხილვის უფლება არ აქვთ.

"ამ ეტაპზე ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ ჩვენ არა ვართ იურიდიული დაწესებულება, რომ ეს გამოვიძიოთ. [...] თეატრს არ აქვს უფლება, იურიდიული დოკუმენტის გარეშე განიხილოს რამე", — განაცხადეს პრესსამსახურში.