არასამთავრობო ორგანიზაციები ამერიკელ სენატორებს წერილით მიმართავენ და სთხოვენ გაიზარდოს ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობა ევროკავშირის ძალისხმევაში, რომელიც მედიაციას გულისხმობს ამჟამინდელი კრიზისის გადაჭრის მიზნით. მათი თქმით, ცხადად უნდა იქნეს ნათქვამი, რომ სტატუს კვო, ანუ ერთპარტიული პარლამენტი, ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრობასთან შეუთავსებელია.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებითა და საქმეების შეჩერებით უნდა მოხდეს კრიზისის დეესკალაცია და საქმეები მომავალში რეფორმირებულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.

მათივე თქმით, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელების მოთხოვნა უნდა იქნეს დაყენებული, უზენაესი სასამართლოს წევრების, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და ცესკოს წევრების, თავმჯდომარის დასანიშნად კი საჭირო უნდა იყოს ოპოზიციის თანხმობა. ასევე, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოებული ბარიერით, ამ სისტემური ცვლილებების განხორციელება კი 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა დაიწყოს.

არასამთავრობოები წერილში აღნიშნავენ, რომ ძალაუფლების განაწილება სხვადასხვა ინსტიტუტში წახალისებული უნდა იყოს, მათ შორის პარლამენტში, გენერალური აუდიტორისა და გენერალური პროკურორის დასანიშნად კი ოპოზიციის თანხმობა უნდა იყოს საჭირო.

მათივე თქმით, მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია ქართველი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ამ ვალდებულებებს აიღებს, ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნებში მიღებული ადგილები უნდა დაიკავოს პარლამენტში, ასევე, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკურ პროცესში და მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული რეფორმების შემუშავებაში, განხორციელებაში.

წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • ღია საზოგადოების ფონდი;
  • ლიბერალური აკადემია თბილისი.