მთავრობა 500 მილიონი დოლარის ღირებულების საგარეო ვალის აღებას გეგმავს, რისთვისაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს სახელით ამავე ღირებულების ევრობონდების განთავსებაზე ოფიციალური განაცხადი უკვე გამოქვეყნდა.

2011 წელს გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, რომლითაც 2008 წლის ობლიგაციების რეფინანსირება მოხდა, გასულ კვირას ბიუჯეტიდან დაიფარა. 12 აპრილს ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ევრობონდების დაფარვით გამოწვეული ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად ახალი $500-მილიონიანი საგარეო ვალის აღება იგეგმებოდა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შერჩეულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart), იურიდიულ მრჩევლებთან (Backer & McKenzie და BLC) და საერთაშორისო ფისკალურ აგენტთან (Citi) ერთად, დაასრულა ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი.

ტრანზაქცია დღეს ოფიციალურად გამოცხადდა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე. 13 და 14 აპრილს გაიმართება ონლაინშეხვედრები (ე.წ. ნეთ-როუდ-შოუები) საერთაშორისო ინვესტორებთან.

აღნიშნული პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოს სახელით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებით", — ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ელოდება, რომ 2011 წელს გამოშვებულ ევრობონდებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალი საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს 500 მილიონი დოლარი 6,875%-ად ვისესხეთ.