ბრაზილიაში ქრისტეს ახალ ქანდაკებას აგებენ, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში მდებარე ცნობილ ღირსშესანიშნაობაზე მაღალი იქნება.

ქანდაკებას ქვეყნის ყველაზე სამხრეთით მდებარე პროვინციის პატარა ქალაქ ენკანტადოში, ადგილობრივი ორგანიზაცია "ქრისტეს მეგობრების ასოციაცია" აშენებს. ნამუშევარს მცველი ქრისტე ეწოდება.

ფოლადისა და ბეტონისგან შექმნილი კონსტრუქცია სიმაღლეში 43 მეტრი იქნება — რაც 13 მეტრით აღემატება რიოში მდებარე ქანდაკებას (კვარცხლბეკის გარეშე).

ორგანიზაციის განცხადებით, ნამუშევარი ასევე იქნება ქრისტეს მესამე ყველაზე მაღალი ქანდაკება მსოფლიოში; იგი ჩამორჩება მხოლოდ მექსიკაში მდებარე 76-მეტრიან და პოლონეთში მდგომ 52-მეტრიან ქანდაკებებს.

მცველი ქრისტეს შემქმნელი მოქანდაკე ჟენესიო გომეს მოურა და მისი შვილი, მარკუს მოურა, არიან. კონსტრუქციას თავი და მკლავები 6 აპრილს შეემატა, მშენებლობა კი, რომელიც 2019 წლის ივლისში დაიწყო, წლევანდელი წლის მიწურულს უნდა დამთავრდეს.

მშენებლობის საფასურმა ჯამში $353 000 შეადგინა, ამიტომ, ორგანიზაცია პროცესის ბოლომდე მისაყვანად შემოწირულობებს ითხოვს.

ფოტო: Silvio Avila / AFP / Getty Images

დასრულების შემდეგ, დამთვალიერებლები ქანდაკების შიგნით არსებული ლიფტით შეძლებენ, რომ მაღლა, "ქრისტეს გულამდე" ავიდნენ.

"ამ ადგილას კი უკვე შუშა იქნება, რომელიც გაიხსნება და ტურისტებს ფოტოების გადაღების შესაძლებლობა ექნებათ", — ამბობს პროექტის ზედამხედველი, არტურ ლოპეზ დე სოუზა.

რაც შეეხება რიო-დე-ჟანეიროს ქანდაკებას — ნამუშევარი, სახელად მცველი ქრისტე — ბრაზილიის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა და ოკეანისპირა ქალაქს 90 წელია, კორკოვადოს მთიდან დაჰყურებს.