დღევანდელ რეალობაში ადამიანები ინტერნეტ სივრცეში ძალიან დიდ დროს ვატარებთ. კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ადამიანების სამუშაო გარემო კიდევ უფრო შეიცვალა და უმეტესობა ჩვენგანი დღეს დისტანციურად მუშაობს.

ინტერნეტის მომხმარებელთა ზრდასთან ერთად იზრდება ჰაკერებისა და თაღლითების რაოდენობაც. ალბათ, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოგსვლიათ მეილი, რომელიც გაუწყებთ, რომ თქვენ დიდი ფული ან რაიმე სხვა ნივთი მოიგეთ. ამ ყველაფრის უკან თაღლითები დგანან და თქვენი მოტყუება სურთ. ასეთ ლინკებს ფიშერებს ვეძახით. თუ მათ გახსნით, ერთი შეხედვით სერიოზულ და სანდო საიტზე გადახვალთ. მეტიც, შეიძლება თქვენ ფეისსბუქის ან გუგლის ყალბ გვერდზე აღმოჩნდეთ, რომელიც ვიზუალურად ორიგინალის იდენტურად გამოიყურება, თუმცა სხვაობა მისამართში იქნება და ის იმდენად შეუმჩნეველია, რომ ფიშერების მსხვერპლი ყოველდღიურად უამრავი ადამიანი თუ კომპანია ხდება.

ქართველმა კიბერუსაფრთხოების ინჟინერმა, ლევან აბესაძემ, Sandbox-ში მომუშავე უსაფრთხოებისა და პენტესტერ სპეციალისტებისთვის, ასევე უსაფრთხოების ანალიტიკოსებისათვის შექმნა პროგრამა, სახელად Hyperion, რომელიც ფიშინგ მისამართებისა და ამ მისამართებზე მიბმული მეილების ამოცნობაში დაგვეხმარება.

ჰიპერიონი მარტივი პრინციპით მუშაობს — თუ მოგივათ მეილი, რომელზეც დარწმუნებული არ ხართ რომ სანდოა, ლინკის მისამართს გადაიტანთ პროგრამაში, ის შეამოწმებს დომეინსა და მასზე მიბმულ სხვა იმეილ ანგარიშებს და თუ საეჭვოდ მიიჩნევს, მომავალში გამოგზავნილ იმეილებს ავტომატურად დაბლოკავს.

პროგრამა ასევე გაგვიადვილებს საერთო ანგარიშის შედგენის პროცესს. მას ასევე შეუძლია, რომ პრევენციის მიზნით, გარკვეული დომეინები შავ სიაში შეიყვანოს და ასე დააზღვიოს ჩვენი ან ჩვენი კომპანიის უსაფრთხოება.

პროგრამის გადმოწერა და მისი კოდის ნახვა GitHub-ზე შეგიძლიათ.