ევროპელი სოციალისტების ერთ-ერთი ლიდერი, ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ მდინარე ენგურში, 4 ადამიანის დახრჩობის მიზეზი 5-დღიანი სავალდებულო კარანტინია. იგი ფიქრობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შეეძლო ამის თავიდან აცილება.

"ის რაც მოხდა ენგურზე და დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, მე მიმაჩნია, რომ შეიძლებოდა ამას ავცდენოდით, თუ ჯანმრთელობის სამინისტრო გადაწყვეტდა ამ საქმეს. მაქვს მხედველობაში ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც გადმოდიან ენგურზე, რომ იმათ ეს რვა თუ ხუთდღიანი კარანტინის გამო მოხდა ეს ყველაფერი და შეეძლო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ადგილზე, რომლებიც გადმოდიან, გაეკეთებინათ შესაბამისი გამოკვლევა იქ ერთი დღით. აი, ეს იქნებოდა ყველაზე მართებული", — განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. შავი გზებით გადმოსვლის მცდელობას 7 აპრილს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდულია და წელიწადზე მეტია ადგილობრივებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა არ აქვთ. გზა საქართველოში Covid-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჩაკეტა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აფხაზებთან გარკვეული სახის მოლაპარაკების საფუძველზე ხიდის გადაკვეთის შესაძლებლობა არის, თუმცა ბარიერი საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული 5-დღიანი სავალდებულო კარანტინია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის რეჟიმი არ მოქმედებს.

აფსნიპრესის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფატქო ხელისუფლებამ 2021 წლის იანვრიდან პირველ აპრილამდე გალის რაიონის 3 000-მდე მცხოვრები ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კვლევით, როცა ენგურის ხიდი გახსნილია, მას დღეში 2 580-მდე ადამიანი კვეთს. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ერთ წელზე მეტია დაახლოებით ამდენივე ადამიანს ყოფითი პრობლემები ყოველდღიურად ექმნება.

გაიგეთ მეტი: