ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც დაადგინა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე ბათუმის მერიის უარის უკანონოა. სასამართლომ, ასევე, რელიგიის ნიშნით მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობაც დაადგინა.

ამით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს, 13 აპრილს მიიღო.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში (TDI) აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეროვნული სასამართლოების ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებენ, რომელიც წლების განმავლობაში მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლების ხელყოფის დისკრიმინაციულ პრაქტიკას აღიარებს და მათი უფლებებისა და ღირსების აღდგენის სამართლებრივ წინაპირობებს ქმნის.

ბათუმში, სალოცავი სივრცის არასაკმარისობის გამო, მუსლიმი მრევლი წლებია მეორე მეჩეთის აშენებას ითხოვს. საკმარისი სივრცის არარსებობის გამო, მათი დიდი ნაწილი რელიგიის თავისუფლებით სარგებლობას ვერ ახერხებს.