"რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!" — ასე გამოეხმაურა რუსთაველის თეატრი მსახიობისა და ტელეწამყვანის, ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ოჯახში ძალადობის შესახებ. მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური მასზე სისტემატიურად ძალადობდა.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა ბესო ზანგურთან თანამშრომლობის გაგრძელებას, თეატრში პასუხობენ, რომ ძალადობის დამტკიცებისა და იურიდიული დოკუმენტის გარეშე ამის განხილვის უფლება არ აქვთ.

"ამ ეტაპზე ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ ჩვენ არა ვართ იურიდიული დაწესებულება, რომ ეს გამოვიძიოთ. [...] თეატრს არ აქვს უფლება, იურიდიული დოკუმენტის გარეშე განიხილოს რამე", — განაცხადეს პრესსამსახურში.

მსხიობი ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ ყოფილი ქმარი ემუქრებოდა და შიშის გამო უწევდა მოთმენა. მისივე თქმით, ძალადობის მიზეზი სხვადასხვა უმნიშვნელო დეტალი ხდებოდა.

On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით, დაიწყო თუ არა გამოძიება. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ვცდილობთ დაკავშირებას ბესო ზანგურთანაც, თუმცა მისი ტელეფონი მიუწვდომელია.