"თქვენ მე გამასამართლებთ აუცილებლად, რომ მოინდომოთ... მაგრამ იცით რაშია თქვენი უბედურება, თქვენ მე გამამტყუნებთ, მაგრამ ისტორია გამამართლებს. არ არსებობს მე ამ საქმეზე ისტორიამ გამამტყუნოს", — ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მისი საქმის მოსამართლეს, ნინო ჩახნაშვილს.

"პარადოქსია და პარადოქსების ჩამონათვალში ერთ-ერთ ღირსეულ ადგილს დაიკავებს — ვართ სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზში, მიმდინარეობს სხდომა, რომელსაც მოსამართლე არ ესწრება", — განაცხადა მან, რის გამოც მოსამართლემ შენიშვნა მისცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

მელია 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში, სპეცრაზმის დახმარებით დააპატიმრეს. სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზი. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალას მიიღო. პროკურატურამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და გირაოს ნაცვლად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს 16 თებერვალს მიმართა. სწორედ, 16 თებერვალს მოუხსნა ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მეორედ, რითაც პროკურატურას ამ შუამდგომლობის დაყენების უფლება მისცა.

ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას დაპატიმრების ნებართვა პროკურატურას პირველად 2019 წლის 26 ივნისს მისცა. მსჯელობის საგანი, მაშინაც 20 ივნისის საქმეზე მელიას ბრალდება იყო. მაშინ პროკურატურამ ქართული ოცნებისგან პატიმრობის უფლება მიიღო, სასამართლოსგან კი არა. მელიას გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება შეეფარდა, რომელიც ენმ-ის ლიდერმა ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა, რასაც უწყებიდან მორიგი გირაოს გადახდის, გადაუხდელობის შემთხვევაში კი პატიმრობის მოთხოვნა მოყვა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზებულია. სწორედ მელიას უარის შემდეგ მიმართა პროკურატურამ პარლამენტს მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით.

ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით 4-დან 9 წლამდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის დგება.

პროკურატურა მელიასთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა 2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.