დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ უნდა ვეცადოთ, აფხაზეთის მოსახლეობასთან ჯანდაცვის უზრუნველყოფის კითხით თანაბარი პირობების შესაქმნელად "მაქსიმალური მცდელობაა" საჭირო.

"აფხაზეთის მოსახლეობა არის საქართველოს მოსახლეობა. ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს იყოს ყველანაირად თანაბარი პირობები. მაგრამ, მოგეხსენებათ, ახლა ასევე სიფრთხილეა საჭირო. გითხარით, რომ სამეგრელოში იძაბება ეპიდსიტუაცია, მეორე ადგილზეა სამეგრელო თავის გავრცელებით 100 000 მოსახლეზე თბილისის შემდეგ, ამიტომ ფრთხილი მიდგომაა საჭირო", — განაცხადა გამყრელიძემ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. შავი გზებით გადმოსვლის მცდელობას 7 აპრილს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდულია და წელიწადზე მეტია ადგილობრივებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა არ აქვთ. გზა საქართველოში Covid-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჩაკეტა.

ენგურის ხიდი, რომელიც გალელებისთვის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, წლის განმავლობაში მხოლოდ ხუთჯერ, რამდენიმე დღით, ცალმხრივად გაიხსნა. აფხაზურმა მხარემ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო ან სხვა მიზნით იმყოფებოდნენ, გზა ჰუმანიტარული მიზნით გახსნა, რათა მოქალაქეები თავიანთ სახლებში დაბრუნებულიყვნენ.

ხიდი, ასევე, გაიხსნა 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე იმ პირებისთვის, რომლებიც პენსიებსა და სოციალურ შემწეობებს იღებდნენ. მათ ენგურის ხიდამდე მისვლა მხოლოდ ამ დახმარებების ასაღებად შეეძლოთ. სხვაგან გადაადგილების უფლება არ ჰქონდათ.

გადაადგილება შეეძლოთ, აგრეთვე, პაციენტებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ. თუმცა, იგივე შეღავათი არ მოქმედებდა და დღემდე არ მოქმედებს ადამიანებზე, რომლებსაც ქრონიკული ან სხვა დაავადებები აწუხებთ.

აფსნიპრესის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფატქო ხელისუფლებამ 2021 წლის იანვრიდან პირველ აპრილამდე გალის რაიონის 3 000-მდე მცხოვრები ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კვლევით, როცა ენგურის ხიდი გახსნილია, მას დღეში 2 580-მდე ადამიანი კვეთს. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ერთ წელზე მეტია დაახლოებით ამდენივე ადამიანს ყოფითი პრობლემები ყოველდღიურად ექმნება.

გაიგეთ მეტი: