ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პროკურორ ამირან გულუაშვილს ჰკითხა, რატომ ჰგონია, რომ მისი თვითმიზანი პატიმრობაა. მელიამ აღნიშნა, რომ ის ბევრად უფრო ეფექტურად იბრძვის ციხის გარეთ და არ სიამოვნებს გამოკეტვა, შესაბამისად პატიმრობა მისი თვითმიზანი ვერ იქნება.

"ეს ბატონი [პროკურორი] საუბრობს, უფრო სწორად უწერენ და ამბობს, რომ თურმე, ჩემი თვითმიზანი ყოფილა პატიმრობა. ჯერ ერთი რატომ ჰგონია, რომ ჩემი თვითმიზანი უნდა იყოს პატიმრობა, როცა, თავმდაბლობის გარეშე, მეგობრებთან ერთად ბევრად უფრო ეფექტური ვარ ციხის მიღმა, თქვენი დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე ციხეში.

ჩემი თვითმიზანი რატომ უნდა იყოს, ან რატომ უნდა მსიამოვნებდეს გამოკეტვა პატარა საკანში და 24-საათიანი საკონტროლო კამერების მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრება?! რატომ არ უნდა მინდოდეს ოჯახთან ურთიერთობა, მეგობრებთან, ბავშვთან, ეს როგორ შეიძლება იყოს ნორმალური ადამიანისთვის თვითმიზანი?!" — განაცხადა მელიამ სასამართლო სხდომაზე.

8 აპრილს, ნიკა მელიას წინა პროცესის დაწყებამდე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ "მელიას პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არასდროს ყოფილა და ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი".

გულუაშვილი ამბობდა, რომ დაცვის მხარეს შესთავაზეს კონკრეტული სამართლებრივი გზა მათი მზადყოფნის შემთხვევაში, როგორ უნდა მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. თუმცა, მისივე თქმით, დაცვის მხარე რეალურად კანონით სპეკულირებს და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ახდენს, იძახის რა, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს.